„გრანტების შესახებ“ კანონში „ქართულ ოცნებას“ მორიგი ცვლილება შეაქვს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ორ ფლაგმანურ პროგრამაში — „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და „ერასმუს+“-ში მონაწილე ორგანიზაციებისთვის გრანტის მიღება მთავრობის წინასწარ თანხმობას აღარ დაექვემდებარება. შესაბამისი კანონპროექტის ავტორები მმართველი პარტიის დეპუტატები არიან და ისინი საკანონმდებლო ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.
კანონის პროექტი პარლამენტის ვებგვერდზე უკვე აიტვირთა. დოკუმენტის ავტორები და ინიციატორები განმარტავენ, რატომ გახდა საჭირო აღნიშნული პროგრამებზე საგამონაკლისო წესის გავრცელება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, აქამდე არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში გაცემული გრანტები მთავრობის შესაბამის თანხმობას საჭიროებდა. ცვლილება კი ამ პროგრამებზე საგამონაკლისო წესის გავრცელებას გულისხმობს.
„საქართველო ახორციელებს რა აღნიშნული პროგრამების განხორციელებისთვის გარკვეულ კონტრიბუციას (ფულადი შენატანების სახით), ამავე პროგრამების ფარგლებში გაცემული გრანტები ნაკლები რისკის შემცველად შეიძლება ჩაითვალოს სუვერენიტეტის შელახვის, პოლიტიკური ინტერვენციის ან უსაფრთხოების რისკებს თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, ამ პროგრამებზე მიზანშეწონილია საგამონაკლისო წესის გავრცელება“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებების ავტორები და ინიციატორები კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზანშეწონილობასაც განმარტავენ: „მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში და დროულად მოხდეს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში გაცემული გრანტების მიმართ საგამონაკლისო რეჟიმის დაწესება, რაც გულისხმობს აღნიშნული გრანტების კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე გაცემას“.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონში ინიციირებული ცვლილება ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში გრანტს იღებენ/მიიღებენ.
„ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი პირები გამარტივებული პროცედურით (კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე) შეძლებენ დასახელებული პროგრამების ფარგლებში მიიღონ გრანტი“, - აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.
„ოცნების“ პარლამენტის მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში აპრილში მიღებული ცვლილებების მიხედვით, საგამონაკლისო წესი ვრცელდება ასევე საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე.
შეგახსენებთ, 2025 აპრილში წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოში გრანტის მიღება მხოლოდ მთავრობის ან მისი მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი. რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც გრანტის გამცემის, ისე მიმღების მიმართ.
მონიტორინგის და კონტროლის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს მინიჭებული. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აღნიშნულ რეგულაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებული აქტივობების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.




























