მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებელი კომპანიები ელექტრომობილების ამბიციურ სტრატეგიებზე და ახალი მოდელების გამოშვებაზე მასობრივად აცხადებენ უარს. ბოლო პერიოდში ინდუსტრიამ დაახლოებით $70 მილიარდის ზარალი და აქტივების ჩამოწერა ასახა, რაც სამომხმარებლო მოთხოვნისა და სახელმწიფო სუბსიდიების მკვეთრი შემცირებით არის განპირობებული.
კომპანიები, რომლებიც ადრე 2030 წლისთვის სრულ ელექტრიფიკაციას გეგმავდნენ, ახლა შიდა წვის ძრავებისა და ჰიბრიდული მოდელების წარმოების ვადებს საგრძნობლად ახანგრძლივებენ და ახალი პლატფორმების შექმნაზე იწყებენ მუშაობას.
ამ ტენდენციას სათავეში ამერიკული Ford-ი უდგას, რომელმაც ელექტრომობილების მიმართულებით $19.5-მილიარდიანი ზარალი დააგროვა და ახალი ელექტრომობილების პროექტები საერთოდ გააუქმა. მსგავსი ნაბიჯი General Motors-მაც გადადგა, რომელმაც $6-მილიარდიანი ჩამოწერა განახორციელა და აქცენტი კვლავ ბენზინზე მომუშავე პიკაპებსა და SUV-ებზე გადაიტანა. Stellantis-ის ჯგუფმა, მაგალითად, $27-მილიარდიანი რეორგანიზაცია დაიწყო და მომხმარებლისთვის ძრავის ტიპის არჩევანის თავისუფლების შენარჩუნება პრიორიტეტად გამოაცხადა.
ანალიტიკოსები ამ ახალ ტენდენციას რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზით ხსნიან. პირველ რიგში, აშშ-ში $7,500-იანი საგადასახადო სუბსიდირების პროგრამის დასრულებამ გაყიდვების 35%-იანი ვარდნა განაპირობა, ხოლო დამტენი ინფრასტრუქტურის არასაკმარისი განვითარება მომხმარებლისთვის კვლავ დიდ ბარიერად რჩება. გარდა ამისა, დასავლური ბრენდები ჩინურ იაფფასიან ელექტრომობილებთან კონკურენციას ვეღარ უძლებენ, რის გამოც ბაზრის დაცვას ტარიფებითა და ძველი, ნაცადი ტექნოლოგიების შენარჩუნებით ცდილობენ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ახლა უკვე ინდუსტრიის უდიდესი ნაწილი ჰიბრიდულ ტექნოლოგიას ირჩევს, რადგან მასზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია და მომხმარებლებს 100%-ით ელექტრონული ავტომობილების შეძენა უბრალოდ არ სურთ.




























