ბიზნესსექტორი არა იაფი მუშახელის შემოყვანით, არამედ მაღალი პროდუქტიულობითაა დაინტერესებული - ასე განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა ბერეკაშვილმა მიზეზი, რის გამოც მმართველი გუნდი უცხოელების დასაქმების წესებს ამარტივებს.
პარლამენტში, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას "ოცნების" დეპუტატმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ვიკა ფილფანის კითხვას უპასუხა, გაუიაფდება თუ არა ბიზნესს მუშახელი ერთი თვის წინ მიღებული კანონის შერბილებით. ოპოზიციონერმა დეპუტატმა მაგალითად სამშენებლო სექტორი მოიყვანა, სადაც სპეციალისტების დიდი დეფიციტია. მისივე პროგნოზით, კვალიფიციური კადრების სწორი მომზადებით, საქართველოში უმუშევრობის დონე შესაძლოა 13%-დან 4-5%-მდე შემცირდეს.
აღსანიშნავია, რომ 1 თვის წინ ამოქმედებულ შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებები შედის.
ახალი კანონპროექტით სრულად დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობით დაკავებულ პირებს შრომითი ნებართვის მოპოვება აღარ მოუწევთ. კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება არც იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს ემსახურებიან. ამასთან, კანონი აღარ ავალდებულებს შრომითი ნებართვის აღებას პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორებსაც.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ამით უპასუხა პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, ვიკა ფილფანის კითხვას, გაუიაფდება თუ არა ამ კანონით მუშახელი ბიზნესს. ფილფანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონმა პროცესები საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივოს და არა მხოლოდ ბიზნესს.
შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, მოსაზრება, თითქოს ბიზნესი იაფი მუშახელის შემოყვანას ლობირებს, მცდარია, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც სპეციფიკური ცოდნაა საჭირო.
"პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, თითქოს ბიზნესი დაინტერესებულია იაფი მუშახელის შემოყვანით. ეს ასე არ არის, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც აუცილებელია კონკრეტული უნარებისა და ცოდნის ფლობა. აქ საქმე გვაქვს პროფესიულ განათლებასთან.
რატომ არის ეს ასე? იმიტომ, რომ ბიზნესის მთავარი ინტერესი წარმატებაა, ხოლო წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პროდუქტიულობაზე. თუ კონკრეტულ სექტორში პროდუქტიულობა მაღალია, ეს განსაზღვრავს ბიზნესის მოგებას. მაღალი პროდუქტიულობა ერთი მხრივ უზრუნველყოფს საკმარისი მოგების გენერირებას, ხოლო მეორე მხრივ, მაღალ ხელფასებთან პირდაპირ კავშირშია.
პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც კონკრეტული სპეციალისტის ცოდნა და გამოცდილება არ შეესაბამება ბიზნესის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში მცირდება პროდუქტიულობა და ბაზარზე იქმნება ნაკლებად ხარისხიანი პროდუქტი. სწორედ ამიტომ სჭირდება ჩვენს ეკონომიკას კვალიფიციური და ხარისხიანი კადრები.
რაც უფრო მაღალია პროდუქტიულობა, მით უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდა, და ეს პირდაპირ აისახება ხელფასების ზრდაზეც. ეს დადებითი პროცესია, რადგან ქმნის შესაძლებლობას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის და ხელს უწყობს შრომითი ბაზრის განვითარებას.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარება. სწორედ ამიტომ გვაქვს ტექნიკური კოლეჯები, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად იხსნება და სახელმწიფოს მხრიდან ძლიერ მხარდაჭერას იღებს. ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტექნიკური პროფესიები ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროებს მიეკუთვნება.
მაგალითად, მშენებლობის სექტორში, რომელსაც კარგად ვიცნობთ, არსებობს დიდი დეფიციტი პრაქტიკულად ყველა სპეციალობაზე. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენი შრომითი რესურსი სწორად გადავამზადოთ და მოვამზადოთ ისე, რომ მან შეძლოს საქართველოს ეკონომიკის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
თუ ამას შევძლებთ, დარწმუნებული ვარ, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში 13%-იდან 4-5%-მდე შემცირდება, რაც ითვლება ჯანსაღ და სტანდარტულ მაჩვენებლად.
რაც შეეხება თქვენს კითხვას ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ, აღნიშნული კანონი მათ არ ეხება. თუ გაქვთ რაიმე ინიციატივა ამ მიმართულებით, შეგიძლიათ მისი წარდგენა", - განაცხადა ბერეკაშვილმა "საქართველოსთვის" დეპუტატის საპასუხოდ.
აღსანიშნავია, რომ 1 თვის წინ ამოქმედებულ შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებები შედის.
ახალი კანონპროექტის თანახმად, შრომითი ნებართვის მოპოვების ვალდებულებისგან პირთა გარკვეული წრე თავისუფლდება. კერძოდ:
- დისტანციურად მომუშავეები: უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სრულად დისტანციურად მუშაობენ (როგორც უცხოური, ისე ქართული კომპანიებისთვის).
- მოკლევადიანი საქმიანობა: პირები, რომლებიც საქართველოში მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობით არიან დაკავებულნი (მაგალითად: ექიმები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ. ნუსხას მთავრობა დაამტკიცებს).
- სახელმწიფო საწარმოები: უცხოელები, რომლებიც ემსახურებიან სახელმწიფო საწარმოებს.
- მენეჯერული პოზიციები: პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოების დირექტორები.




























