მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი გიდების საქმიანობაზე რეგულაცია თავიდანვე არასწორად მიიღეს - გიორგი დარციმელია

გიორგი დარციმელია

ტურისტული კომპანია „Queen Tamada“-ს დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველოში უცხოელი გიდების საქმიანობის შეზღუდვა არასწორი გზით მოხდა.

როგორც “საქმის კურსის” ეთერში სერტიფიცირებულმა გიდმა, გიორგი დარციმელიამ განაცხადა, იმ ფონზე, რომ აღსრულების ეფექტური მექანიზმები არ არსებობს, სავარაუდოა, რომ უცხოელი გიდები საქართველოში საქმიანობას აგრძელებენ.

გიორგი დარციმელია ამბობს, რომ კანონის შემუშავების პროცესში ტურიზმის სექტორმა შესაბამის უწყებებს ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება შესთავაზა, თუმცა მათი მხრიდან ბიზნესის პოზიციის გათვალისწინება არ მომხდარა.

გიორგი დარციმელია მიიჩნევს, რომ იმ უცხოელ გიდებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, რეგისტრირებულები არიან და გადასახადებს იხდიან, საქმიანობა არ უნდა შეეზღუდოთ, თუმცა ამ მიმართულებით კანონი ეფექტიანად უნდა აღსრულდეს

“[უცხოელი] გიდების რეგულაცია თავიდანვე არასწორად გაკეთდა, თავიდანვე არასწორი იყო ის განსაზღვრება, რომელიც [კანონში] ჩაიწერა. თუ არ განსაზღვრავ კანონით, ვინ არის გიდი, როგორ უნდა გაიგო, უკანონოდ მუშაობს თუ არა ვინმე. ჯერჯერობით არავინ დაუჯარიმებიათ, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს განსაზღვრა, რომ ადამიანი გიდის სერვისს ეწევა, თუ კანონი არ გეუბნება ამას?

[რეგულაციამ] შეიძლება დააზარალოს ერთადერთი ადამიანი, საქართველოში მცხოვრები პატიოსანი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ჩამოვიდა, დასახლდა, დარეგისტრირდა ინდმეწარმედ, შესაბამისად გაიარა მთელი პროცედურები იუსტიციის სახლში და შემდეგ ერთ დღეს ეუბნებიან, რომ შენ გიდად ვერ იმუშავებ და რამე სხვა საქმე იპოვე. თუ ის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, იცავს კანონმდებლობას და იხდის საქართველოში გადასახადებს, რა პრინციპი არის, რომ ამ ადამიანს აუკრძალო [საქართველოში გიდობა].

თურქეთს გაცილებით დალაგებული აქვს ეს საკითხი, ლიცენზირების გარეშე გიდი ვერ მუშაობს, მაგრამ დაახლოებით 30 000 ადამიანი ყოველწლიურად უკანონოდ გიდის საქმიანობასა ეწევა. დაკავებაც ხდება ხოლმე, მაგრამ ეს არის სტამბოლის და ძირითადი ქალაქების გარშემო. სქემა, რომელიც ჩვენ [შევთავაზეთ მთავრობას], იყო გაცილებით ეფექტური და არაფერს არ აზიანებდა. ასევე ითქვა კვოტებზე, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან მოქალაქეები, მაგრამ ცხოვრობენ საქართველოში, შეიძლება რომ რაღაც კვოტა დაიშვას, თუმცა ამისი გათვალისწინებაც არ მომხდარა.

დღეს ვიღაც რომ მიადგეს [უცხოელ გიდს] და ჰკითხოს [რას საქმიანობს], ეტყვის, რომ მეგობარია და უბრალოდ ესაუბრება. ამის გაკონტროლებას აქვს კონკრეტული მექანიზმი. მაშინ უნდა გავაკეთოთ ლიცენზირების სისტემა, უნდა მოხდეს პოლიციის შესაბამისი გადამზადება და პოლიციამ უნდა იაროს ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, რომ განსაზღვროს, რომ ის ვინც წევს გიდის ფუნქციას, ამას აკეთებს უკანონოდ. ასე ხდება რეგულირება. არ სჭირდება ამას ველოსიპედის გამოგონება, გადმოვიღოთ იმ წარმატებული ქვეყნების გამოცდილება, რომელიც ამას ამუშავებენ, ოღონდ ყველა კომპონენტის ჩართვით. არა მარტო იმით, კანონში ჩავწეროთ, რომ ვიღაცას ეკრძალება [გიდის საქმიანობა]. შემდეგ გავლენ ლოკაციებზე, ტურისტულ ობიექტებზე და ნახავენ, რომ ისევ ისე გრძელდება [უცხოელი გიდების საქმიანობა] და არაფერი არ შეცვლილა”, - განაცხადა გიორგი დარციმელიამ.

ცნობისთვის, 1 მაისიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებების აღსრულება ოფიციალურად დაიწყო. დადგენილების მიხედვით, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები