მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აქვს საქართველოს რკინიგზას 716-მილიონიანი ზარალი

5d94693f77a33
შოთა ტყეშელაშვილი
02.10.19 15:11
6798
2018 წელს საქართველოს უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიების ჯამურმა ზარალმა რეკორდული მოცულობის თანხა - 805 მილიონი ლარი შეადგინა. იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ კომპანიებს, მათ შორის ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემას 2018 წელს მოგება ჰქონდა, ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა გადაეფარა ის ზარალი, რაც სახელმწიფო საწარმოების უმეტესობაში იყო. მათ შორის ყველაზე დიდი - 716 მილიონი ლარის ზარალი საქართველოს რკინიგზას ჰქონდა.

რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2018 წელი 716 მილიონი ლარის ზარალით დახურა. ჯამურად მხოლოდ 2017-2018 წლებში რკინიგზის ზარალი 1 მილიარდ ლარს აჭარბებს.

რატომ აქვს რკინიგზას ამ მოცულობის ზარალი?

ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასული 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 50%-ით დაეცა და 2018 წელს მხოლოდ 10 მილიონი ტონა შეადგინა. შედარებისთვის, 2003 წელს რკინიგზის მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობა 16.3 მლნ ტონა, 2005 წელს კი 20 მლნ ტონა იყო.



2018 წელს საქართველოს რკინიგზამ ჯამში 424.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2017 წელთან შედარებით 9.9 მილიონი ლარით ნაკლები იყო. ტვირთების კატეგოების მიხედვით შემცირება ასეთია - ნავთობპროდუქტების გადაზიდვა - 96.2 მლნ ლარი, კლება წინა წელთან 10.8 მილიონი ლარი; მარცვლეულის გადაზიდვა - 7.6 მლნ ლარი, კლება 0.2 მილიონი ლარი; ლითონები - 9.8 მლნ ლარი, კლება წინა წელთან 0.2 მლნ ლარი.

თუმცა, ზარალის ძირითადი მდგენელი რკინიგზის აქტივების გაუფასურება იყო. 2017 წლის ანგარიშგებაში რკინიგზის აქტივები 2,86 მილიარდ ლარად იყო შეფასებული, 2018 წლის ანგარიშგებაში კი რკინიგზის აქტივები 2,26 მილიარდ ლარად იყო შეფასებული.

აქტივების გადაფასება საჭირო გახდა იმიტომ, რომ გასული წლების განმავლობაში რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა. ხოლო გადაფასებით მიღებული ზარალი კი კომპანიამ ზარალში ასახა.

Forbes Georgia-სთვის მიწოდებულ განმარტებაში საქართველოს რკინიგზა აღნიშნავს, რომ თუ მომავალში ტვირთბრუნვა გაიზრდება, მათი აქტივების ღირებულების ზრდის მიმართულებით გადაფასებაც შეიძლება მოხდეს.

“2018 წელს კომპანიამ IFRS 36- ის შესაბამისად მოახდინა აქტივების გაუფასურება, რის დროსაც იხელმძღვანელა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტვირთბრუნვის შემცირებით, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია ძირითადი საშუალებების საბუღალტრო ღირებულების დაკორექტირების აუცილებლობა, რაც დადასტურებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და აისახა ფინანსურ ანგარიშგებაში ზარალის სახით. რამაც კურსთაშორის სხვაობით მიღებულ ზარალთან ერთად შეადგინა 283 მლნ. აშშ დოლარი.

“მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტორს, რომ ძირითადი საშუალებების დაკორექტირება/გაუფასურება თავისთავად არაფულადი დანახარჯია და არ იწვევს ფულადი სახსრების შემცირებას. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, კომპანია 2018 წელს 24.4 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულებდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ მიუხედავად სირთულეებისა, 2018 წელს კომპანიამ მოახერხა საოპერციო მარჟის 40%-ზე ზემოთ შენარჩუნება, რაც ინდუსტრიაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია”, - ვკითხულობთ რკინიგზის ოფიციალურ განცხადებაში,”- ნათქვამია რკინიგზის მიერ Forbes Georgia-სთვის მიწოდებულ განმარტებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები