საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. სოციალურ ქსელ facebook-ში მთავრობის მეთაურმა დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაშია. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ აიცრა პრემიერი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ პრემიერი არც ერთ იმ ასაკობრივ ჯგუფში არ შედის, რომლის ვაქცინაციაც მიმდინარეობს.
„ჩვენი აცრების გეგმა მიჰყვება ძალიან კონკრეტულ ეტაპობრიობას და ასაკობრივი ჯგუფების, ასევე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების აცრა არის პრიორიტეტული. პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, ხოლო მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ.
თავიდან მსგავსი ინიციატივები იყო, თუმცა 100 ცნობილი ადამიანის აცრაზე საუბარმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და ამ შემთხვევაშიც, არ მოხდა პრემიერის ვაქცინაცია. ამ ეტაპზე მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან და ინფექცია ყველას შეიძლება შეეხოს“, - განაცხადა გაბუნიამ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი "ასტრაზენეკას" ვაქცინით უკვე აიცრნენ.




























