ჩვენი ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი რომ ჩინეთის და ევროკავშირის თითქმის 2-მილიარდიან ბაზარზე გავიდეს, საჭიროა რომ ქვეყანაში მინიმუმ 10 000 ჰექტარის ბაღები გვქონდეს, - ამის შესახებ "ქართული ზეთისხილის" დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
საქმე ისაა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ასევე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაძლევს საშუალებას საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ამ ბაზრებზე თავისუფალ რეჟიმში გავიდეს. თუმცა ევროკავშირის და ჩინეთის ბაზარზე ქართული ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის ექსპორტი თითქმის არ ფიქსირდება. მხოლოდ ერთხელ, 2019 წელს სატესტოდ “ქართულმა ზეთისხილმა” მცირე რაოდენობის პროდუქტი გაიტანა ჩინეთში, მას შემდეგ კი, ამ ქვეყანაში სატესტო რაოდენობის ექსპორტიც აღარ დაფიქსირებულა. ხოლო ერთხელ ზეითუნის ზეთის მცირე ოდენობის ექსპორტი დაფიქსირდა იტალიაში.
გიორგი სვანიძის თქმით, საქართველოში არ იწარმოება იმ რაოდენობის ზეთისხილი რომ თან ადგილობრივი ბაზარიც დაკმაყოფილდეს და თან ექსპორტზეც გავიდეს.
"წარმოიდგინეთ ჩინეთი რამხელაა და ევროპა რამხელაა, წარმოიდგინეთ მილიარდ-ნახევარი ჩინეთში ცხოვრობს და ნახევარი მილიარდი ევროპაში, ორი მილიარდი ხალხია. ჩვენ ამ ბაზარზე რომ შევიდეთ, ჯერ გვჭირდება დამატებით მინიმუმ 5000 ჰექტარი, ანუ ჯამში 10 000 ჰექტარი, იმიტომ რომ როდესაც თქვენ დიდ ქსელებთან, დიდ ქვეყნებს დაუდებთ ხელშეკრულებას, საკმაოდ ბევრი რაოდენობის მოსავალი უნდა გქონდეთ, რომ სტაბილურად მიაწოდოთ მსხვილ ბაზრებს. ამისთვის ვმუშაობთ ჩვენ. ასე მარტივი არ არის რომ ექსპორტზე გააგზავნო მხოლოდ ერთი ან ხუთი კონტეინერი და ამით დამთავრდეს ყველაფერი", - განმარტა "ქართული ზეთისხილის" დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში მოყვანილი ზეთისხილის საუკეთესო ბაზრები არის სამეზობლო, თურქეთის გარდა, ვინაიდან თურქეთშიც დიდი რაოდენობით მოჰყავთ ეს კულტურა და უფრო მეტიც საქართველოში სწორედ თურქეთიდან შემოდის ყველაზე დიდი ოდენობის ზეთისხილი.
"ზოგადად ყველა ბაზარი საინტერესოა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ყველა მეზობელი ქვეყანა, ასევე უკრაინა, პოლონეთი, რუმინეთი, ყაზახეთი, რუსეთი, უზბეკეთი, ბელარუსი. ყველა ქვეყანა, სადაც ზეთისხილი არ ხარობს და ყველამ იცის, რომ ზეთისხილი თვითონ პროდუქტი უჯანმრთელესია და უმნიშვნელოვანესი ორგანიზმისთვის - ყველა ჩვენი პოტენციური კლიენტები არიან", - განაცხადა ბიზნესმენმა.
ცნობისთვის, წელს საქართველოდან ზეთისხილის მარინადის ექსპორტი შემცირებულია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ქვეყნიდან 116 300 აშშ დოლარის 42 ტონა დაკონსერვებული ან ძმრის და დამატების გარეშე დამზადებული ზეთისხილი გავიდა. შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 138 800 აშშ დოლარი და 56 ტონა იყო. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, წელს, ზეთისხილის ექსპორტი მხოლოდ სომხეთში ფიქსირდება, გასულ წელს კი მცირე რაოდენობით ზეთისხილი კანადაშიც გავიდა.
შემცირებულია ზეითუნის ზეთის ექსპორტიც. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მხოლოდ 14 700 აშშ დოლარის 2 ტონა ზეითუნის ზეთის ექსპორტი ფიქსირდება, გასულ წელს კი 46 400 აშშ დოლარის 11 ტონა პროდუქტი გავიდა პირველ ოთხ თვეში ექსპორტზე. ამ შემთხვევაშიც საექსპორტო ბაზარი სომხეთია.
კითხვაზე - რა სჭირდება დარგს განვითარებისთვის, გიორგი სვანიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული როლი აქვს სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავალს". ასევე, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ბაღი გაშენდეს.
"რაც შეიძლება მეტი პლანტაცია უნდა დაირგოს. დღეს რომ პლანტაციას დარგავ, ხუთ წელიწადში გაქვს მოსავალი. ამიტომ ჩვენ როცა დავიწყეთ დარგვა, ჯერ მცირე რაოდენობა იყო, ახლა ვიზრდებით და ვრგავთ მეტს და მეტს და მომავალ ხუთ წელიწადში საქართველო იქნება, ზეთისხილის ერთ-ერთი სერიოზული მწარმოებელი, როგორც ვთქვათ ვართ თხილში, ვაზში....", - განაცხადა მან.
სვანიძის თქმით, ამჟამად საქართველოში ზეთისხილის ბაღების ჯამური ფართობი დაახლოებით 4000 ჰექტარია. მათ შორის "ქართულ ზეთისხილს" ეკუთვნის დაახლოებით 1500 ჰექტარის ბაღები.




























