ფინანსთა მინისტრის, გიორგი კაკაურიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველომ IMF-ის პროგრამით გათვალისწინებული ყველა მთავარი ინდიკატორი იმაზე მაღალი ნიშნულით შეასრულა, ვიდრე გაწერილი იყო, ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აფასებს და განმარტავს, რატომ არ იყო საკმარისი დადებითი მაკროეკონომიკური შედეგები პროგრამის გასაგრძელებლად.
როგორც ეკონომისტმა "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, მიმდინარე წლის 4 თვეში ეკონომიკაში სერიოზული რისკები გამოიკვეთა, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ მაისის ბოლოს დაგეგმილი მისიის შემდეგ IMF კიდევ უფრო მკაცრად მიუდგეს პროგრამის განახლების საკითხს და მათ შორის, არც მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო საწარმოს რეფორმის გატარება იყოს საკმარისი.
"ყველაფერი იყო კარგად, 2022-24 წლებში და, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი საკითხი შეიცვალა. როდესაც ფისკალურ ნაწილზე ვლაპარაკობთ, სერიოზული რისკის ქვეშაა ბიუჯეტი, რომ ვერ შეასრულოს გეგმა, 4 თვის მიხედვით, დაგეგმილი ზრდა ძალიან გაჭირდება, რომ შესრულდეს. პარალელურად, მაკრო ნაწილზე რომ ვისაუბროთ, საქართველო არის ქვეყანა, სადაც გვაქვს წელიწადში 10 მილიარდ დოლარზე მაღალი სავაჭრო დეფიციტი, რომელსაც ვაფინანსებთ სხვადასხვა შემოდინებებით, ტურიზმიდან, ინვესტიციებიდან, ფულადი ტრანსფერებიდან და ა.შ. აქაც ვხედავთ, რომ 2025 წლის პირველ 4 თვეში ყველგან კლება გვაქვს.
თუ შევხედავთ 2024 წლის მონაცემებს, ვალის მშპ-სთან შეფარდება, საბიუჯეტო დეფიციტი კარგ დონეზეა, მაგრამ ძალიან მაღალი რისკებია, რომ ეს შეიცვალოს და უკვე იცვლება კიდეც. კიდევ უფრო მკაფიო ხდება, თუ IMF რატომ არის ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც გაძლევს რეკომენდაციებს გრძელვადიანი მდგრადი განვითარების მისაღწევად და არა - მოკლევადიანი მიზნების.
მსოფლიოში საუკეთესო კომპეტენცია IMF-შია კონცენტრირებული, ეს ყველამ ვიცით. რა თქმა უნდა, როდესაც ისინი აქ გამართავენ კონსულტაციებს, ექნებათ შესწავლილი ყველა პარამეტრი, მაკრო, ფისკალური, სექტორული განწყობები… სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში გიორგი კაკაურიძე საუბრობს წარსულზე, მისი შეფასებები არის დაკავშირებული 2022-24 წლების პერიოდს, როცა სიტუაცია ძალიან კარგი იყო მაკრო და ფისკალურ ნაწილში. ეს დასრულდა და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ უფრო მკაცრი იყოს IMF და არ იყოს მისი პროგრამის გაგრძელების წინაპირობა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მიუხედავად იმისა რომ დავრწმუნდით ამ საკითხის რელევანტურობაში. შესაბამისად, არსებობს რისკი ისევ მივიღოთ კონფრონტაციული, არა კოოპერაციული მიდგომა "ქართული ოცნებისგან", რამაც შეიძლება IMF-თან ურთიერთობა კიდევ უფრო გააფუჭოს", - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ეკონომისტის შეფასებით, IMF-თან თანამშრომლობა "ქართული ოცნების" ინტერესშია, რადგან სავალუტო ფონდი, როგორც არაპოლიტიკური გაერთიანება, შესაძლოა, "ოცნებისთვის" ბოლო სამაშველო რგოლი აღმოჩნდეს პოლიტიკურ კრიზისში.
"[კაკაურიძის კომენტარიდან] ანალოგიის შეგრძნება მიჩნდება იმ მოლაპარაკებებთან, რომელსაც ქართული ოცნება თავის დროზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აწარმოებდა. ერთი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, IMF არ არის პოლიტიკური გაერთიანება, ამავდროულად, ის შეიძლება იყოს მაშველი რგოლი საქართველოსთვის, საქართველოს მთავრობისთვის კრიზისის პირობებში და აქ დიდი შეცდომაა, ამ მოლაპარაკების ძალიან არასწორი ფორმით წარმოება, რასაც მესიჯების დონეზე ვისმენთ ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან. ეს ფორმა საბოლოო ჯამში, მსგავსად ევროინტეგრაციისა, ჩიხში შეიყვან მოლაპარაკებებს და ის მაშველი რგოლი, რომელიც შეიძლება ძალიან მალე დასჭირდეს ქართულ ოცნებას, ამ იზოლაციის პირობებში, ხელიდან შეიძლება გაუშვას", - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ BMG-ის კითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რომ IMF-თან საუბრით ხელისუფლებამ ვერ დაადგინა, რა იყო წინა პროგრამის გაჩერების მიზეზი. მისივე თქმით, მაისის ბოლოს თბილისში დაგეგმილი IMF-ის მისიის განმავლობაში "ქართული ოცნების" თვითმიზანი ახალი პროგრამის მიღება არ არის.