მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-თან კონსულტაციისას ვერ დავადგინეთ, რომელია ის პრობლემა, რის გამოც გაჩერებულია პროგრამა - კაკაურიძე

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე IMF-თან შეჩერებული პროგრამის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას აღნიშნავს, რომ მათ ფონდთან კომუნიკაციის პერიოდში ვერ დაადგინეს თუ რა პრობლემამ განაპირობა ფონდის მხრიდან საქართველოსთან პროგრამის შეჩერება. ამის შესახებ კაკაურიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

როგორც გიორგი კაკაურიძე ამბობს, ყველა საკითხი, რომელზეც IMF ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიუთითებდა, დღეს უკვე მოგვარებულია. კერძოდ, აღარ მოქმედებს დროებითი ნორმა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებით, ხოლო სებ-ის საბჭო დაკომპლექტებულია და მასში აღმასრულებელი წევრების რაოდენობა არააღმასრულებელი წევრების რიცხვს აღარ აჭარბებს.

გიორგი კაკაურიძე: რომელი პრობლემის გამო შეჩერდა? ჩვენ IMF-თან კონსულტაციების დროს ვერ დავადგინეთ ჯერჯერობით რომელია ის პრობლემა რის გამოც გაჩერებულია პროგრამა.

ჟურნალისტი: ხომ იყო განცხადება, რომ ეს სებ-თან დაკავშირებით იყო?

გიორგი კაკაურიძე: სებ-თან დაკავშირებით რაც იყო დროებითი ნორმა, ის დღეს უკვე აღარ მოქმედებს და სებ-თან დაკავშირებით მთავარი პრობლემა იყო, რომ აღმასრულებელი მოადგილე, ანუ აღმასრულებელი ნაწილი ეროვნული საბჭოს წევრებისა უფრო მეტი იყო, ვიდრე არააღმასრულებელი. ეს დღეს, დღეის მდგომარეობით ეს პრობლემაც მოგვარებულია.

სახელმწიფო საწარმოების ფლობაც ზუსტად ისე არის დღეის მდგომარეობით მთავრობის განკარგულებით დარეგულირებული, როგორც მისიასთან იყო შეთანხმებული. 50% ფინანსთა სამინისტროს და 50% ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა ეს სამჯელოა, რამდენად სწორია ეს პრაქტიკა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიმართულება ეს იქნება რაზედაც ვიმსჯელებთ სავალუტო ფონდთან, იმიტომ, რომ პრაქტიკამ მაინც აჩვენა, რომ არ არის მთლად ეფექტური ეს 50%-იანი წილის გაყოფა, შეიძლება ფინანსთა სამინისტროს როლი სხვა ნაწილში უფრო მეტად გაიზარდოს ვიდრე აქციონერის ნაწილში და ამიტომ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. არსებული პრაქტიკიდან შეიძლება კიდევ დამატებით კონსულტაციები გვქონდეს სავალუტო ფონდთან და ამის შემდეგ საბოლოო ჯამში, მივიღოთ გადაწყვეტილება ფლობაზეც და ფინანსთა სამინისტროს როლის სხვანაირად გაძლიერებასაც,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

IMF-ის შემდგომი ტექნიკური მისია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მაისის ბოლოს ჩამოვა. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის შესახებ ტექნიკური შეფასების მისიას, ხოლო IMF-თან ახალი პროგრამის დაწყება მთავრობის თვითმიზანი არ არის.

გიორგი კაკაურიძის თქმით, ახალი პროგრამის შეთანხმებისთვის ჯერ საქართველოსა და IMF-ს შორის უნდა შედგეს საუბარი პოტენციურად მნიშვნელოვანი რეფორმების თაობაზე, რომელთა განხორციელებაშიც ფონდს დახმარების გაწევა შეუძლია, თუმცა ასეთი რეფორმები ჯერ გამოკვეთილი არაა.

"პროგრამის მოთხოვნა კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ამაზე ადრეც გავაკეთე კომენტარი, თვითმიზანი არ არის. ჩვენ ველოდებით მისიას უკვე მაისის ბოლოს ჩამოდის, მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში, სადაც განვიხილავთ ეგრეთ წოდებული მეოთხე მუხლის მოხილვა იქნება, შეაფასებს ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში, პროგნოზებს, ასევე გავივლით იმ შესაძლო რეფორმებს, რაც შეიძლება ჩვენს დღის წესრიგში დადგეს.

ამის შემდეგ, როცა გავაანალიზებთ თუ რა რეფორმებზე შეიძლება დაეფუძნოს ახალი პროგრამა, ჩვენ პროგრამა, არც წინა პროგრამა და არც იმის წინა პროგრამა, არ გვქონია ფულისთვის. არც ახალი პროგრამა არ გვექნება ფულისთვის. მოგეხსენებათ IMF-დან არაერთი პროგრამა ისე დავასრულეთ, რომ თანხის წამოღებაზე ჩვენ არ გვქონია საუბარი, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი აქ რეფორმების ნაწილი იყო და რეფორმებში მათი მხარდაჭერა.

შესაბამისად, ახლა ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს დღის წესრიგი რეფორმების, ამ მისიის შემდგომ ალბათ შეიძლება გამოიკვეთოს რაღაც მიმართულებები, რომელზეც შეიძლება დაეფუძნოს პროგრამა. შესაბამისად, სანამ არ იქნება ეს მეოთხე მიმოხილვის მისია დასრულებული, სანამ არ დასრულდება, მანამდე პროგრამაზე საუბარი არის ნაადრევი. ამის შემდგომ უკვე უნდა ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულ რეფორმებზე და ამ რეფორმებს უნდა დაეფუძნოს პროგრამა.

ჩვენი წინა პროგრამა რაზეც იყო დაფუძნებული, ეს იყო ძირითადად მაკროეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება, მოგეხსენებათ, ეს პროგრამა დაიწყო 2021 წელს, როცა საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა გაზაფხულზე, კოვიდის შემდგომი პერიოდი იყო, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ იმ პროგრამაში გაწერილი ყველა მთავარი ინდიკატორი შესრულებული გვაქვს დღეის მდგომარეობით და შესრულებული გვაქვს გაცილებით უფრო კარგი ტემპებით, უფრო მაღალ ნიშნულებზე, ვიდრე ეს იყო პროგრამის თავდაპირველი მიზანი,"- აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

ჟურნალისტი: ახლა მოითხოვთ ახალ პროგრამას?

გიორგი კაკაურიძე: "თუ იქნება რეფორმები ისეთი, რომელიც დღის წესრიგში დადგება და გასაკეთებელი იქნება და დაგვჭირდება ამაში სავალუტო ფონდის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა მოვითხოვთ. თუ არ დაგვჭირდება, შეიძლება წელს არ მოვითხოვოთ და მოვითხოვოთ იმ პერიოდში, როცა ამ რეფორმების განხორციელება დაიწყება. ჯერ უნდა გამოიკვეთოს რა მიმართულების უნდა განვახორციელოთ რეფორმები, სად არის ის ნაკლოვანებები, სადაც შეიძლება, რომ რეფორმები აუცილებლად გასაკეთებელი იყოს ქვეყანაში."

IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.

2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.

კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები