მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ გასაჯაროვდა დღემდე შრომის ბაზრის კვლევა, რომელსაც საუნივერსიტეტო რეფორმა დაეყრდნო? - მიქანაძის პასუხი

გივი მიქანაძე

შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, რომელიც მთავრობის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ფაკულტეტების განაწილებას საფუძვლად დაედო, ჯერჯერობით საჯარო არ არის. როგორც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, კვლევის შედეგები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება, თუმცა მინისტრი ვერ ამბობს, კონკრეტულად როდის.

არადა, ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, ჯერ კიდევ 15 დეკემბრის კვირაში უნდა გასაჯაროებულიყო. ამის შესახებ 9 დეკემბერს, პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებების პირველი პაკეტის წარდგენისას განაცხადა.

დღეს, განათლების მინისტრმა განაცხადა: „კვლევის შედეგები საბოლოოდ რამდენიმე დღის წინ დაზუსტდა, იქ რაღაც კონკრეტულ მონაცემებზე საბოლოო შეჯამება იყო და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ანგარიშის წარდგენა იქნება და საზოგადოებას ამის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია ექნება“.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე BM.GE-მ გივი მიქანაძეს ჰკითხა - ეკონომიკის სამინისტროს რომელმა დეპარტამენტმა ჩაატარა შრომის ბაზრის კვლევა, ხომ არ იყო ეს კვლევა სამინისტროს დაკვეთა, ვინ იყო მასში ჩართული და ჰქონდა თუ არა უწყებას ამ მასშტაბის კვლევის ჩატარების კომპეტენცია, რაზედაც მინისტრმა უპასუხა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შრომის ბაზარი შიდა რესურსით მოიკვლია და მასში განათლების სამინისტრო და კერძო სექტორი იყო ჩართული.

„ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენცია საკმაოდ მაღალია, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ თვალსაჩინო და მთელი მსოფლიოსთვის შესაშური ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შესაბამისად, მინდა დაგარწმუნოთ, კომპეტენცია სრულადაა. ჩაატარა თავად ეკონომიკის სამინისტრომ, მე რამდენადაც ვიცი, შიდა რესურსით, ამასთან პროცესში ჩართული იყო განათლების სამინისტრო და კერძო სექტორი.

იცით, რომ პრემიერმა ეკონომიკის მინისტრთან და ჩემთან ერთად სპეციალური შეხვედრა ჩაატარა ბიზნესსექტორთან, როდესაც კონცეფცია გასაჯაროვდა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ცალსახად დააფიქსირეს ამ რეფორმის მნიშვნელობა და აუცილებლობა, გამოთქვეს გულისტკივილი, რომ ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ დონეზე დაიქირავონ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები და ცალსახად თქვეს, რომ ამ პროცესის განხორციელებაში მათ ჩართულობის სრული მზაობა აქვთ. მინდა ეკონომიკის სამინისტროს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული მადლობა გადავუხადო, რადგან ეს არის ძალიან დიდი კომპლექსური მუშაობის შედეგი“, - განაცხადა მიქანაძემ.

განათლების მინისტრის განცხადებით, შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, რომელსაც უნივერსიტეტებზე კვოტების განაწილება დაეფუძნა, იმაზე მეტად შემაშფოთებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი თქმით, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება შრომის ბაზრის მოთხოვნებს თვისებრივად აცდენილი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები