სასურველი იქნება, რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაზე საუბრისას "საქართველოს პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე სავარაუდოდ კონსულტაციების გამო არ გასაჯაროვდა.
"კომპეტენტურ კომისიასთან წარიმართება კონსულტაციები, თუმცა არის საზოგადოების, მედიის ინტერესი და ჩემი გადმოსახედიდან სასურველია, რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს.
ამაზე ალბათ ევროკომისიის წარმომადგენლებს უნდა დაველაპარაკოთ. სამოქმედო გეგმაში გასასაიდუმლოებელი არაფერი არ არის, არის მარტივად გაწერილი თითოეული პუნქტი, არის ცხრა პრიორიტეტი და ცხრავე პრიორიტეტის გასწვრივ მითითებულია კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები. სასურველი იქნება, რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს. სავარაუდოდ კონსულტაციების გამო არ გასაჯაროვდა დღემდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ცხრა დათქმის შესრულება უკვე დაწყებულია.
„გახსოვთ, ჩვენ წარვადგინეთ თავის დროზე ამ ფორმით 12 პრიორიტეტის შესრულების გეგმა. ეს მოხდა შარშან ივნისში და ზუსტად მივყევით ამ გეგმას. პასუხისმგებელი სუბიექტები, ვადები და ა.შ. ყველაფერი დაცული იყო. ზუსტად ასევე ვგეგმავთ ამ ახალი სამოქმედო გეგმის შესრულებასაც.
ვფიქრობთ, ძალიან მკაფიო მიდგომით უნდა შესრულდეს თითოეული პუნქტი. არიან პასუხისმგებელი სუბიექტები, არის გაწერილი კონკრეტული ვადები და შესრულება უკვე დაწყებულიც კია. თქვენ თუ ჩახედავთ სამოქმედო გეგმას, როცა ამის საშუალება იქნება, ნახავთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ვადად მითითებული იყო დეკემბრის დასაწყისიც კი, ან დეკემბრის ბოლო, გარკვეულ შემთხვევაში, იანვარი, თებერვალი და ა.შ. ანუ, ეს ვადები არ არის გაწერილი მაინც და მაინც მომავალი წლის დეკემბრის ბოლოსთვის.
მუდმივ რეჟიმში უნდა შესრულდეს ცალკეული პუნქტები, იმისდა მიხედვით, რა პრიორიტეტია შესასრულებელი. ამიტომ უკვე დაწყებულია რეალურად მუშაობა. სასურველია, რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს სამოქმედო გეგმა, რათა საზოგადოებას უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს, როგორ გვესახება ამ პრიორიტეტების შესრულება. ბუნებრივია, არაფერია დასამალი და ვფიქრობ, რაც შეიძლება მალე უნდა გასაჯაროვდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.