მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ იყო "არსის" მენეჯმენტი პრემიერთან შეხვედრაზე - "მარტივად რომ ვთქვათ, არავის დაუძახია"

5da07dc62924b
ლიკა გურაბანიძე
11.10.19 17:15
2006
სამშენებლო სექტორი დღეს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა, შეხვედრაზე მიწვეულ 49 კომპანიას შორის „არსი“, ასევე „საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია“ არ აღმოჩნდა.

როგორც კომპანია „არსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ წევრმა თორნიკე აბულაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მან პრემიერთან სამშენებლო სექტორის შეხვედრაზე ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო და მისთვის ინფორმაცია ადგილზე მისვლის შესახებ არავის გაუგზავნია. 

„ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გავიგე, ჩვენთან ინფორმაცია არ მოსულა და მარტივად რომ ვთქვათ, არავის დაუძახია,“ - განაცხადა აბულაძემ.  

კითხვაზე, შეხვედრაზე "არდაპატიჟების" მიზეზი სამშენებლო სექტორში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკა ხომ არ გახდა, აბულაძემ შემდეგი პასუხი გაგვცა:

"არ მგონია ეს ყოფილიყო მიზეზი, იმიტომ, რომ ჩვენი კრიტიკა ყოველთვის ობიექტურია და კონსტრუქციულ ფორმატში ხშირად ვჩხუბობთ მერიასთანაც და სხვადასხვა სამინისტროებთანაც. ჩვენ ამ კრიტიკის გამო არ გვიგვრძვნია, რომ სხვაზე მეტი შეფერხება გვაქვს. ამ მთავრობის დამსახურება ის არის, რომ კრიტიკის გამო ანათემას არ გადაგცემენ“, - განმარტა აბულაძემ.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ის პრემიერის და სამშენებლო სექტორის შეხვედრას დაესწრებოდა, პრობლემურ საკითხად დროული გადაწყვეტილებების მიუღებლობით გამოწვეულ შედეგებს დააყენებდა.

დღეს პრემიერთან შეხვედრას 50-მდე სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. bm.ge-ის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური გეგმავს, სექტორული შეხვედრების შემდეგ, ცალკე შეხვდეს ბიზნეს ასოციაციებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები