მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ხართ ოპოზიციის ბრიფინგზე და ეთანხმებით მათ გეგმას? - გახარიას პარტიის პასუხი

ანა ბუჩუკური

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ბუჩუკურის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აქციებში მონაწილეობის მიღებას გააგრძელებს და ორშაბათს, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაშიც მიიღებს მონაწილეობას.

„არ ვართ ორგანიზატორები, თუმცა ვდგავართ ჩვენს ხალხთან“, - ასე უპასუხა ანა ბუჩუკურმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე გახარიას პარტიის წევრების არყოფნის მიზეზებს შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი, სამი პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფი - „ახლები“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ 4 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუმცა მათთან ერთად არ იყვნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები.

„ბრიფინგზე ყოფნა თვითმიზანი ხომ არ არის. მთავარია, რომ ვართ პროცესში, ტექნიკურ დონეზე გვაქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან. ქარტიის ფორმატში ვთანამშრომლობთ პრეზიდენტთან. ვცვლით ინფორმაციას, მათ შორის, მტკიცებულებებს ყველასთან. დღესაც მტკიცებულებებზე სამუშაო შეხვედრაში ჩვენმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან ცალკეც და ამ ფორმატშიც, მათთან ერთადაც, ვითანამშრომლებთ.

ასევე გვაქვს ჩვენი პროცესი და გეგმა, რაც არ არის დამოკიდებული სხვაზე. ჩვენი პროცესი საერთო საქმეს აძლიერებს. ეს არის მთავარი“, - აცხადებს ანა ბუჩუკური.

კითხვაზე - ეთანხმება თუ არა გიორგი გახარიას პარტია პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფების გეგმაზე, პარტიაში ასეთი პასუხი აქვთ: „ჩვენი გუნდი აქციებში იღებს მონაწილეობას, არ ვართ ორგანიზატორები, თუმცა ვდგავართ ჩვენს ხალხთან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები