სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ საქართველოში დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი ბოლო პერიოდში თითქმის უცვლელია და საშუალოდ 13%-ის ფარგლებში რჩება. მისი თქმით, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 12.4% იყო და მომდევნო პერიოდში მცირე, 0.5 პროცენტული პუნქტით, გაიზარდა.
BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" წამყვანის კითხვის პასუხად, რატომ არ მცირდება დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, თოდრემ განმარტა, რომ აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი სექტორი, სადაც მაღალი ეკონომიკური აქტივობაა, მაგალითად სასტუმროები და რესტორნები, კვლავ სერიოზულად არიან დაინტერესებული დაუკვირვებადი ეკონომიკით.
საქსტატის ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ სადაც მეტია ციფრული ტექნოლოგიები, იქ ნაკლებია დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი.
" თუ დავაკვირდებით ბოლო პერიოდს, დაახლოებით 13%-ის ფარგლებშია და მკვეთრი ცვლილება არ ყოფილა ამ მიმართულებით. პირიქით, 2023 წელს 12.4% იყო დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი და 2024 წელს ცოტათი გაიზარდა, 0.5 პროცენტული პუნქტით.
ამას იწვევს, უპირველეს ყოვლისა ის, რომ იმ მომსახურების სექტორებში, სადაც შედარებით მაღალი აქტივობაა, მაღალი ბრუნვაა, სადაც გამოიკვეთა და სადაც მაღალია დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბები. ანუ, ბრუნვა თუ იზრდება აღნიშნულ სექტორში, ეკონომიკური აქტივობა თუ იზრდება, ბუნებრივია, ის მიჰყვება ამას ჰორიზონტალურად და შესაბამისად, მაღალია დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბებიც აღნიშნულ სექტორებში.
თუ ზოგადად საშუალო მაჩვენებელი არის 12.9%, მე დავასახელე დაახლოებით 50%-მდეა სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებაში. წარმოიდგინეთ, ჯერადობით აღემატება ერთ-ერთი სექტორის დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბი საშუალო მაჩვენებელს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არის ზოგიერთი სექტორი, სადაც უფრო მეტად არის ციფრული ტექნოლოგიები გამოყენებული, მაგალითად საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, მაგალითად ენერგეტიკის მიმართულება აქ შედარებით დაბალია რისკი ამ მასშტაბების და აღნიშნული მაჩვენებელიც დაბალ ნიშნულზეა", - თქვა თოდრაძემ.
შეგახსენებთ, დაუკვირვებადი ეკონომიკა წარმოადგენს ეკონომიკის იმ ნაწილს, რომლის დროსაც საქონლის თუ მომსახურების მიწოდება ხდება ან არარეგისტრირებული მიმწოდებლების მიერ ან მათ მიერ მიწოდებული საქონელი და მომსახურება საგადასახადო (დღგ-ის) ბრუნვაში არ ხვდება, რადგან ის არააღრიცხულია. მაგალითად, სარემონტო სამუშაოების მიწოდებისთვის მუშების დაქირავება ხელშეკრულების გარეშე, რეპეტიტორის მიერ სერვისის მიწოდება, მცირე ფერმერის მიერ მოყვანილი საქონლის საცალო რეალიზაცია და სხვა საქმიანობები, რომელთა აღრიცხვაც არ ხდება.
საქსტატის თანახმად, 2010 წელს დაუკვირვებადი ეკონომიკა მშპ-ის 23.1% იყო, 2015 წელს ის 13.6%-მდე შემცირდა, რის შემდეგაც ის 12%-13%-ის ფარგლებში მერყეობს.
2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ეკონომიკის 13.6%-ს შეადგენს.




























