ხვალ, 26 ნოემბერს "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.
ინტერპელაციაზე დაანონსებულ განათლების რეფორმასა და Eagle Hills-ის პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხებს მოისმენენ.
bm.ge გთავაზობთ 15 კითხვას, რომელიც "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა
1.ვინ არის „იგლ ჰილზის“ პროექტის ინვესტორი? ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები?
2.რა კონკრეტული ვალდებულებები აქვს აღებული სახელმწიფოს და ინვესტორს ხელშეკრულებით?
3.რატომ არ ქვეყნდება ხელშეკრულების ტექსტი? ხშირად არის თუ არა ასეთი ხელშეკრულებები კომერციულ საიდუმლოებად განსაზღვრული?
4.არსებობს თუ არა მექანიზმი, რომლითაც საქართველოს შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა?
5.რა სანქციებია გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში?
6.რა არის ამ პროექტის ძირითადი მოცულობა - მიწის ფართობი, რა მოცულობის სამუშაოებია დაგეგმილი - კომერციული ფართის და კერძო საცხოვრებლების კვადრატულობა, სხვა ტიპის ნაგებობები, საზოგადოებრივი სივრცე, გამწვანებული ტერიტორია და ა.შ.
7.გამოითქვა მოსაზრება, თითქოს ეს პროექტი არ არის მოგებიანი, ან არასაკმარისად მოგებიანია და ამიტომ ამ ინვესტიციის მიზანი საეჭვოა, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება რეალობას?
8.არსებობს თუ არა ამ პროექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები?
9.არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვები ტერიტორიის გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების თვალსაზრისით?
10.შეიძლება თუ არა ამ ინვესტიციამ შექმნას ეკონომიკური დამოკიდებულება, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად?
11.რა გავლენა ექნება ამ პროექტს გარემოზე?
12.გაქვთ თუ არა გაანგარიშებული, რა პირდაპირი და ირიბი ეკონომიკური სარგებელი ექნება ამ პროექტიდან საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს, მოსახლეობას?
- გავლენა მშპ-ზე
- გავლენა ლარის კურსზე
- გავლენა ინფლაციაზე
- გავლენა ბიუჯეტზე
- გავლენა დასაქმებაზე
13.რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტს?
14.რა მოცულობით იქნებიან ქართული კომპანიები ჩართული პროექტის განხორციელებისას საქონლის და მომსახურების მიწოდებაში?
15.წაართვა თუ არა ხელისუფლებამ კრწანისის მიწა ეკლესიას და ყიდის თუ არა ქართულ მიწას უცხოელებზე? ამ პროექტით შენდება თუ არა ორი „არაბული ქალაქი“? იქნება თუ არა ეს ტერიტორიები უცხოელებით კომპაქტურად დასახლებული და შემოსაზღვრული სივრცე? საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თუ არა უძრავი ქონების ყიდვას?
ცნობისთვის, სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.




























