მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის ევროკავშირში გაწევრიანება ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? - პრეზიდენტის პასუხი

პრეზიდენტი

გაფართოება ჩვენთვის ეგზისტენციალურია, ეს არ არის პროცედურის, მოწონება-არმოწონების საკითხი, არჩევანი არ არის - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კითხვას, რატომ არის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ასე მნიშვნელოვანი.

ქალბატონო პრეზიდენტო, რატომ არის ევროკავშირში გაწევრიანება ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

,,ერთი სიტყვა - ეს აუცილებლობაა. უსაფრთხოება და აუცილებლობა. ეს ერთადერთი პერსპექტივაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად ევროპულ ღირებულებებს იზიარებს. მაგრამ დღეს, შესაძლოა, მთავარია უსაფრთხოება და უსაფრთხოების ეს აუცილებლობა არის ის, რაც ევროკავშირმაც უნდა იგრძნოს, რადგან წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა დღევანდელი ომი უკრაინაში, ევროკავშირში რომ არ ყოფილიყო პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი.

ასე რომ, წინა გაფართოებამ ფაქტობრივად უზრუნველყო დამატებითი უსაფრთხოება მთელი ევროკავშირისთვის და შემდეგი გაფართოება - ჩვენი გაფართოება, ევროკავშირისა და ჩვენთვის უსაფრთხოების დამატებითი ღირებულება იქნება. ესაა სოლიდარობა და საერთო ღირებულებები. ამავდროულად, ჩვენ საერთო უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს, რაზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ, ეს არის შავი ზღვა. რასაც ახლა რუსეთი აკეთებს ფაქტობრივად არის ის, რაც მან 2007 წელს გამოაცხადა, რომ არ დაუშვებდა დასავლეთს შავ ზღვაზე. და რა მოხდა 2007 წლის შემდეგ?

საქართველო - 2008 წელი, შავი ზღვისპირეთი, ყირიმი - მთავარი პოსტი შავ ზღვაზე და შემდეგ ომი უკრაინაში. [რუსეთმა] გამოაცხადა რის გაკეთებას აპირებდა და როდესაც ამას აკეთებს, ვფიქრობ, ევროკავშირისა და საქართველოს უსაფრთხოებისათვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი არ გახდეს ექსკლუზიური ძალაუფლების მქონე შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვისაც, კომუნიკაციებისათვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო წლებსა და ათწლეულებში, ტრანსპორტის უსაფრთხოებისთვის, ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის, ჩვენ უნდა ავიცილოთ ეს" - განმარტა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, გაფართოება აუცილებელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვისაც. პრეზიდენტმა ამ კონტექსტში განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი შავ ზღვას, სადაც რუსეთს ევროკავშირის დაშვება არ სურს.

,,ვიზიარებ იმ აზრს, რომ ახლა ცვლილებებისათვის საუკეთესო დროა. თქვენი მოსმენის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ გამონახავთ გზებს იმ საკითხების გადასაჭრელად, რომელიც ეხება ერთსულოვნებას, პროცედურულ საკითხებს, რა უფრო მნიშვნელოვანია.

გაფართოება ჩვენთვის ეგზისტენციალურია, ეს არ არის პროცედურის, მოწონება-არმოწონების საკითხი, არჩევანი არ არის და რისი გაზიარებაც მინდა ისაა, რომ გაფართოება დღეს თქვენთვისაც ეგზისტენციალურია, რადგან თუ გლობალურ სურათს შეხედავთ, რას ხედავთ... ვფიქრობ, ზოგჯერ გვავიწყდება, რომ რუსეთი არამხოლოდ შეიჭრა უკრაინაში, ყველა ქვეყანას კიბერშეტევებითა და ჰიბრიდული ომით ემუქრება, არამედ ახლა ანტისატელიტური ომისაკენ მიდის, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კომუნიკაციებს და ჩვენი ქვეყნების მთლიან ლოჯისტიკას.

ასე რომ, ვფიქრობ, უნდა იყოს გარკვეული რესურსი, რომელიც ამ საკითხების გადასაჭრელად არსებობს. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით, რათა დაჩქარდეს რეფორმები, მაგრამ არაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად, ვიყოთ ერთიანები, ვიყოთ უფრო დემოკრატიულები და წინ აღვუდგეთ ავტოკრატიათა ალიანსს, რომელიც ამწვავებს ტერორიზმსა და კიბერშეტევებს. ყველა საფრთხე, რომელიც მოდის, ერთი და იგივე მიმართულებიდან მოდის. მაშ ასე, მოდით შევხედოთ ამ სურათს, რომელიც მიუნხენისთვის არის სურათი, რომელიც უნდა დავინახოთ და არ დავიმალოთ კომფორტის მიღმა"- განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები