მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის კაკაო წელს ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი?

კაკაო

დღეს გლობალურ ბაზარზე ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელზე ვისაუბრებთ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები - კაკაოა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კაკაოს ფასი 170%-ითაა გაზრდილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, ერთწლიან პერიოდში ბიტკოინის ფასი 125%-ითაა გაზრდილი, ანუ ამჟამად კაკაოს უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ბიტკოინს, რაც ნამდვილად უცნაურია.

კაკაოს გაძვირებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ დასავლეთ აფრიკაში მოსავალი შემცირებულია, ამან კი საერთაშორისო ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია. ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ შოკოლადის უმსხვილესმა საწარმოებმა ბაზარზე არსებული კაკაოს მოსავლის პანიკური შესყიდვა დაიწყეს, ამან კი სწორედ ამ 170%-იან გაძვირებამდე მიგვიყვანა.

ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ განაში და კოტ-დ’იუვარში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით კაკაოს აწარმოებენ, ელ-ნინოს გლობალური ფენომენის გამო, ნიადაგი ზედმეტად გამოშრა, ამან კი კაკაოს მოსავალი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ექსპერტების ვარაუდით, მიმდინარე სეზონში კაკაოს დეფიციტი 375 ათასი ტონა იქნება და თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ბაზარზე კაკაოს ისეთი დეფიციტი შეიქმნება, რომელიც პლანეტას უკანასკნელი 65 წლის განმავლობაში არ უნახავს. ყველაფერი ეს, ცხადია, შოკოლადსა და ტკბილეულს კოლოსალურად გააძვირებს.

ბაზარზე არსებული კრიზისის ფონზე, კერძო კომპანიები პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებზე მუშაობენ. მაგალითად, ამერიკულმა სტარტაპმა, California Cultured-მა, რომელიც მცენარეთა უჯრედების კულტივირებითაა დაკავებული, კაკაოს ლაბორატორიაში გაზრდა დაიწყო და პროდუქტის გაყიდვას მომავალი წლიდან გეგმავს.

კალიფორნიაში მდებარე ლაბორატორიაში გაზრდილ კაკაოს, რომლის უჯრედებსაც შაქრიან წყალში ათავსებენ, გასაზრდელად და სიმწიფემდე მისაღწევად სულ რაღაც ერთი კვირა სჭირდება, განსხვავებით 8 კვირისა, რასაც კაკაოს მოყვანის ტრადიციული მეთოდი მოითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გახდება ლაბორატორიაში გაზრდილი კაკაო ხელმისაწვდომი მწარმოებლებისთვის ან როგორ შეცვლის ის შოკოლადის საფასო დინამიკას, თუმცა ფაქტია, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე მეცნიერები და მეწარმეები აქტიურად მუშაობენ.

აქვე, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ შოკოლადის ინდუსტრიაზე, რომელიც პირდაპირაა დამოკიდებული კაკაოს წარმოებაზე. ინდუსტრიის საერთო შეფასება 110 მილიარდ დოლარს აღწევს და ის წლიურად საშუალოდ 5%-ით იზრდება. საინტერესოა, რომ შოკოლადის გაძვირება იწვევს როგორც სხვა სახის ტკბილეულის, ასევე სარესტორნო ხარჯების ზრდას, რადგან კვების ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტკბილეულის რეალიზაციაზეა დამოკიდებული.

ბაზარზე ამჟამად არსებულ კაკაოს დეფიციტს მხოლოდ მიწოდების შეზღუდვა როდი იწვევს. საქმე ისაა, რომ კაკაოსა და ტკბილეულზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც წარსულში მოსახლეობისათვის შოკოლადი ფუფუნების ნაწილი იყო, ახლა კი ის უფრო ხელმისაწვდომია. ამას ემატება ის გარემოება, რომ დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იზრდება, რაც შოკოლადზე მოთხოვნას ბუნებრივად ზრდის და თან ტკბილეულის მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბება საკმაოდ მარტივია, რადგან შოკოლადის სიტკბო თავის ტვინში დოფამინის ჭარბ გამოყოფას იწვევს, რაც სიამოვნების შეგრძნებას იძლევა.

ასეთ მზარდ მოთხოვნას, ბუნებრივია, მზარდი მიწოდება სჭირდება, თუმცა ეს ასე არ ხდება, რადგან კაკაოს ნაყოფს სპეციფიკური გარემო და ნიადაგი ესაჭიროება, რომლის არსებობას კლიმატის ცვლილება, სამწუხაროდ, ხელს უშლის.

მეცნიერთა ნაწილის შეფასებით, კაკაოს წარმოების ზრდა შეუძლებელი იქნება გენეტიკური მოდიფიკაციის და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გარეშე. კაკაოს ლაბორატორიაში გაზრდა კი სწორედ ის ერთ-ერთი ბიოტექნოლოგიური სტრატეგიაა, რომელსაც არსებული პრობლემების მოგვარება და კაკაოს კრიზისის მოგვარება შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები