დრონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ, EHang-მა მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან უპილოტო მფრინავი ტაქსების წარმოების და გამოცდის ლიცენზია მიიღო.
მარეგულირებლის დასტური Ehang-ის 216-S მოდელს უკავშირდება, რომელიც დაახლოებით 400,000 დოლარი ღირს და ის 130 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით ორი მგზავრის გადაყვანას ახერხებს 30 კილომეტრის დისტანციაზე.
კომპანიის განმარტებით, ეს იქნება კომერციული დანიშნულების დრონი, რომელსაც მომხმარებელი მობილური აპლიკაციის დახმარებით გამოიძახებს და პიკის საათში, საცობებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენებს.
ცხადია, თავდაპირველად, სერვისი მხოლოდ პრემიუმ-სეგმენტზე იქნება გათვლილი და მას ძირითადად ტურისტული ატრაქციონის მიზნით გამოიყენებენ, თუმცა მომავალში ამ ტექნოლოგიამ პრაქტიკული დანიშნულებაც უნდა შეიძინოს.
ეს არის პირველი ელექტრონული საფრენი აპარატი, რომელმაც ამ ტიპის ლიცენზია მიიღო. ექსპერტების შეფასებით, ეს იქნება პრეცედენტული შემთხვევა, რომელიც მომავალში უფრო მეტად დააჩქარებს დრონებით ტრანსპორტირების ინდუსტრიის განვითარების ტემპს და ბაზარზე სხვა მოთამაშეებიც გამოჩნდებიან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტექნოლოგიის შექმნაზე სხვა მსხვილი კომპანიებიც მუშაობენ, მათ შორისაა: Boing, Airbus, Toyota და United Airlines.