"ინვესტორებს საქართველო მოსწონთ" - ასე აფასებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების განწყობას JP Morgan-ის მმართველი დირექტორი სტეფან უაილერი "ბიზნესის კვირეულთან" ინტერვიუში. მისი განმარტებით, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ქართული ემიტენტების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.
კერძოდ, JP Morgan-ის მმართველი დირექტორი ხაზს ეკონომიკის მასშტაბების ზრდას უსვამს. მისი თქმით, თუ 2008 წელს გამოშვებული 500-მილიონიანი ობლიგაცია მშპ-ს 5%-ს შეადგენდა, დღეს მსგავსი მოცულობის გარიგება მშპ-ს მხოლოდ 1%-ია.
უაილერმა ამის შესახებ BMG-სთან თბილისში ჩატარებულ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.
"ეკონომიკა იზრდება. მახსოვს, როდესაც 2008 წელს პირველი სუვერენული ობლიგაცია გავუშვით, 500 მილიონი, ეს მშპ-ს დაახლოებით 5%-ს შეადგენდა. წლევანდელი გარიგება კი მშპ-ს დაახლოებით 1% იყო. დიახ, მშპ ახლა დაახლოებით 38 მილიარდი დოლარის ეკვივალენტს შეადგენს. ასე რომ, ეს უფრო დიდი ეკონომიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა, უნდა იყოს მეტი მსესხებელი, რომელსაც ექნება შესაბამისი მასშტაბი ბაზრებზე შესასვლელად.
და ეს კონფერენცია, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იყო პოტენციური მსესხებლებისთვის, რათა გაეგოთ, რა არის საჭირო საერთაშორისო ბაზარზე შესასვლელად მასშტაბის, მმართველობის, ESG-სა და პარტნიორების თვალსაზრისით; ქსელის ასაშენებლად და ამ მიზნისკენ მიმავალი გზის გასაკვალად. ასე რომ, ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები ვართ ამით. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ბევრი მსესხებელი გვეყოლება. ცხადია, ამას გარკვეული მასშტაბი სჭირდება", - ამბობს JP Morgan-ის მმართველი დირექტორი.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარი მიმზიდველია, უაილერის აზრით, , ე.წ. "იშვიათობის ღირებულებაა" (Scarcity value). მისი თქმით, მცირე მოცულობის ობლიგაციები, გლობალურ კონტექსტში, ინვესტორებისთვის დივერსიფიკაციის კარგ შესაძლებლობას ქმნის.
"უკვე გვყავს 10 მსესხებელი, რომლებმაც ეს გზა წარმატებით გაიარეს. და არსებობს საქართველოს შესახებ გაგება, რომ ინვესტორებს მოსწონთ ის. იცით, ვფიქრობ დღევანდელ კლიმატში ინვესტორებს მოსწონთ დივერსიფიკაცია. გლობალურ კონტექსტში, საქართველოდან ბევრი შეთავაზება არ ყოფილა. 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 8 მილიარდი გამოიცა. ამიტომ არსებობს იშვიათობის ღირებულება, რაც, ვფიქრობ, რომ ინვესტორებს მოსწონთ. განსაკუთრებით ამ მჭიდრო არეალსა და რეგიონში, სადაც შედარებით ცოტა კერძო კომპანიაა. განსაკუთრებით თუ შეხედავთ ყაზახეთს, უზბეკეთს, სომხეთს, იქ ძირითადად სამთავრობო, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებია. კერძო სექტორის ბევრი ემიტენტი არ არის. და ესეც ქმნის მიმზიდველობას დივერსიფიკაციისთვის", - ამბობს სტეფან უაილერი.
JP Morgan-ის მმართველი დირექტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. მისი თქმით, მიუხედავად შიდა პოლიტიკური დინამიკისა, ინვესტორები ხედავენ მყარ ფისკალურ მაჩვენებლებს, რაც საქართველოს რეგიონში გამორჩეულ საინვესტიციო ლოკაციად აქცევს.
"ვფიქრობ, როდესაც ვაანალიზებთ ინვესტორებისგან ყოველდღიურად ან ტრანზაქციის ფარგლებში მიღებულ უკუკავშირს, რასაც ხშირად ვისმენთ, არის ის 20-წლიანი ისტორია, რომელიც საქართველოს კაპიტალის ბაზარზე აქვს. თუმცა ასევე არის გარკვეული საიმედოობა და სტაბილურობა. განსაკუთრებით რეგიონულ კონტექსტში ვიტყოდი, რომ საქართველო რეგიონში საუკეთესო დემოკრატიაა. არის სკანდალური სათაურები და გარკვეული შიდა არასტაბილურობაც, მაგრამ დემოკრატიული მმართველობა ყოველთვის შენარჩუნებული იყო. და ვფიქრობ, ეს ინვესტორებისთვის დამაიმედებელია. ასევე არის უფრო მყარი ფაქტები, რაც ინტერესს იწვევს. და მყარ ფაქტებში ფისკალურ მაჩვენებლებს ვგულისხმობ. თუ დააკვირდებით ფისკალურ მაჩვენებლებს 2021 წლიდან, ის ძალიან შთამბეჭდავია. თუ შეხედავთ რეზერვების დაგროვებას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალიან შთამბეჭდავია. თუ შეხედავთ ეკონომიკის ზრდის ტემპს, ისიც ძალიან კარგია, მაგალითად, გასულ წელს 7.5% იყო. ამრიგად მაკრო სურათი მყარია.
ასევე პერსპექტიული ემიტენტების ბაზა, რომელიც ძალიან ორიენტირებულია ბაზარზე, რომელსაც ესმის კორპორაციული მმართველობის მნიშვნელობა, ესმის გამჭვირვალობა, ესმის როგორ ააშენოს ნდობა ბაზართან და ამის ისტორიაც არსებობს. ეს კი მართლაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა საქართველო გარკვეულწილად სანიმუშო მაგალითად იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე წვდომა, თუ ამას რეგიონულად შეხედავთ, რადგან გყავთ მთავრობა, გყავდათ სახელმწიფო საწარმოები, გყავთ კერძო სექტორი და ბაზარზე გყავთ არაერთი მსესხებელი, რომლებმაც ეს წარმატებით გააკეთეს", - ამბობს JP Morgan-ის მმართველი დირექტორი.




























