მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის საშიში ხელისუფლებაში ივანიშვილის დარჩენა - ბაჩიაშვილის მოსაზრება

გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე სასწორზე ქვეყნის მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი დევს.

ბაჩიაშვილმა ნოდარ მელაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკური გემოვნების საკითხია, რომელ ოპოზიციურ პარტიას მისცემს საზოგადოება ხმას, მაგრამ მთავარია, რომ ქვეყანაში ცვლილება მოხდეს და არჩევანი ევროპის სასარგებლოდ გაკეთდეს.

„არჩევანი იმაზე არ დგას ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ბოლო 30 წლის მანძილზე ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც სასწორზე ჩვენ ქვეყნის მომავალი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი დევს, რომელიც 30 წლის მანძილზე და ათასწლეულების მანძილზე უცვლელი იყო და ბევრ რამეში საქართველო იყო ევროპული ფასეულობების აკვანიც დემოკრატიის, ქალის და მამაკაცის თანასწორობის კუთხით და ბევრი ისეთი რამით, რაც ევროპაში გასული საუკუნის 60-იან წლებში შემოვიდა. ეს დგას დღეს სასწორზე. შესაბამისად, ყველა იმ ადამიანმა, ვისაც უნდა, რომ თავისი შვილი დემოკრატიულ ქვეყანაში გაიზარდოს და მას არ იჭერდნენ, არ დევნიდნენ ქუჩაში, სუს-ის მანქანები არ დაყვებოდნენ Facebook-ის პოსტების გამო, უნდა მისცეს ხმა ევროპას. უკვე პოლიტიკური გემოვნების საკითხია, რომელ ოპოზიციურ პარტიას მისცემს ხმას, მთავარი არის, რომ ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს ცვლილება, ეს ცვლილება უნდა იყოს დემოკრატიული და ეს მხოლოდ ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს“,- თქვა ბაჩიაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არის ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა საშიში, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა ერთადერთი კაცის ხელშია, რომელიც ხალხს რეპრესიებს ჰპირდება.

„მერწმუნეთ, ამ წლების განმავლობაში მართლა ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს და ბევრი რამ შემიძლია გამოვიტანო სააშკარაოზე, მაგრამ უნდა მორჩეს ამ ფარული დოკუმენტებით ხელისუფლებების ცვლილება ამ ქვეყანაში. ივანიშვილმა თავი გაიშიშვლა, არ არის საჭირო დღეს რომ ვინმემ ამოიღოს დოკუმენტი - აი, თურმე პროკურორს როგორ ესაუბრებოდა თუ მოსამართლეს, ეს ისედაც გასაგებია, ერთადერთი კაცის ხელში არის მთელი ქვეყანა... ის, რასაც ქართველ ხალხს ჰპირდება, არის ჩვეულებრივი რეპრესიები. ოპოზიციურ პარტიებს და ამომრჩევლებს გასამართლებას ჰპირდება და მერე ისეთი ოპოზიციის შექმნას, რომელიც მისთვის მისაღები იქნება, ჟირინოვსკი და ზუგანოვის ოპოზიცია მახსენდება, ეს იყო მისაღები რუსეთისთვის“, - ამბობს ბაჩიაშვილი.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი 12 წელია პუტინის მმართველობის მოდელს აშენებს. როგორც ბაჩიაშვილი იხსენებს, ივანიშვილი ბევრს საუბრობდა, რომ წინა ხელისუფლების დროს კონკრეტულ კომპანიებში მიდიოდა ელექტროენერგიის იმპორტიდან თანხები. ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ახლაც ასე ხდება, ის არ აკონკრეტებს რომელ კომპანიებზეა საუბარი და მიუთითებს, რომ ეს თანხები ივანიშვილის გარემოცვისკენაა მიმართული.

„ის ბევრს საუბრობდა ევროპასა და დასავლურ ღირებულებებზე, მაგრამ 12 წელი წმენდდა მთელს ხელისუფლებას და თავის პარტიას ნებისმიერი პროდასავლური ადამიანისგან. იმას აკეთებდა, რომ არცერთი თავმოყვარე დასავლური ორგანიზაცია და კომპანია აღარ შემოდის ინვესტორად საქართველოში.

ბევრს საუბრობდა იმაზე, რომ წინა ხელისუფლების პირობებში იმპორტს "ეჯდა" რაღაც კომპანიები და ელექტროენერგიაში ყველა გადახდილი ლარიდან ამდენი თეთრი მიდიოდა ვიღაცის ჯიბეში... ელექტროენერგიის და გაზის ამდენი იმპორტი ხორციელდება, ისევ იგივე კომპანიებია, გამოვიდეს და გამჭვირვალედ დაასახელოს, თქვას შუამავალი კომპანიები რა კომპანიებია, სად მიდის ის ფული. ჩემს გარემოცვაში ნამდვილად არ ილექება ეს ფული, დანარჩენზე ხალხმა თავად გააკეთოს დასკვნა...“ - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები