ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი გიორგობიანის თქმით, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების დათქმულ ვადებში შეუსრულებლობის ერთ-ერთი მთავარ მიზეზი ე.წ. დიზაინ ბილდის პროექტი იყო. როგორც გიორგობიანმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განმარტა, ამ მოდელით შემსრულებელ კომპანიებს პროექტირებაც და მშენებლობაც თავად უწევთ, რაც საკმაოდ რისკიანია. თავის მხრივ კი, რისკის ძირითადი მიზეზი კომპანიების არასაკმარისი გამოცდილებაა.
კერძოდ, გიორგობიანი განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფასით ხშირად გამოცდილი კომპანიები შესყიდვებში მონაწილეობას არ იღებდნენ, მათ ნაცვლად კი გამარჯვებულად ნაკლები გამოცდილი კომპანიები ცხადდებიან.
„თითოეული პროექტი ცალკეულია და კონკრეტული შემთხვევები უნდა იქნეს განხილული, თუმცა ყველა ბაღის და სკოლის მშენებლობის პროექტი გამოცხადებული იყო დიზაინ ბილდის პროექტით, რაც ნიშნავდა იმას, რომ სამშენებლოს პროექტირებაც უნდა გაეკეთებინა და უნდა აეშენებინა კიდეც. დიზაინ ბილდის კონტრაქტები მშენებლისთვის ითვლება ყველაზე მაღალრისკიანად. აქ ლოგიკური კითხვა ჩნდება: მაშინ რატომ გამოაცხადა ასე? ამის პასუხია ის, რომ სახელმწიფოს მიზანი იყო მოკლე დროში მოეხერხებინა ახალი სკოლებისა და ბაღების მშენებლობა.
გამოცდილმა კომპანიებმა შეძლეს ამის მართვა, თუმცა კონტრაქტის ფორმა, ჩემი შეფასებით, კრიტიკას ვერ უძლებს. როცა ამხელა რისკი გადაგაქვს მშენებელ კომპანიაზე, ისეთი რისკი, რომელსაც ისინი ვერ მართავენ, რა თქმა უნდა, არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ პროექტი ვადებში და ბიუჯეტში დარჩება.
თუ პროექტი უხარისხოა, არ უნდა გავიჩინოთ მოლოდინი, რომ შესრულება იქნება ვადებში და ხარისხიანად.
მნიშვნელოვანია გამოცდილება. მივაბაროთ საქმე იმას, ვისაც აქვს გამოცდილება როგორც ფინანსური, ისე ადამიანური და ინტელექტუალური. და თუ ამ გამოცდილების მოთხოვნას შევამსუბუქებთ და ვიტყვით, რომ მიიღონ მონაწილეობა მათაც, ვისაც ეს არ აქვს, სახელმწიფო ამით ამ რისკს კიდევ უფრო ზრდის და არ ვიცი, რამდენად უღირს ეს.“ - განაცხადა გიორგობიანმა.
ასოციაციაში დაანონსებულ სიახლეებზეც საუბრობენ და იმედს გამოთქვამენ, რომ სამომავლო ურთიერთობები დაბალანსებული იქნება, სადაც როგორც სახელმწიფოს, ისე კონტრაქტორის და საზოგადოების ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
„საკონტრაქტო ურთიერთობები უნდა იყოს დაბალანსებული. მინისტრმა თქვა, რომ იმ კონტრაქტებში სადაც არ არის შედეგი, სახელმწიფოს ჰქონდეს მალე გამოსვლის საშუალება, რაც ადეკვატური მოთხოვნაა, თუმცა უნდა გვყავდეს არბიტრი. როდესაც დამკვეთსა და მიმწოდებელს შორის აზრთა სხვადასხვაობაა და ბევრი ბიუროკრატიიდან გამომდინარეობს, აქ უნდა არსებობდეს დავების საბჭოს ტიპის მექანიზმი.
ახალი თამაშის წესი უნდა იყოს გაწერილი საკონტრაქტო ურთიერთობებში. პასუხისმგებლობები უნდა იყოს სწორად გადანაწილებული. მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების სწრაფ და ეფექტიან მიღებაზე დროში შეზღუდვით, რაც გაზრდის სექტორში კონტრაქტის მენეჯმენტის კულტურას.
მოხარული ვარ იმით, რომ ღიად ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი. სახელმწიფომ განაცხადა, რომ მზად არის გადაიხადოს რეალური საბაზრო ფასი. დღეს, შეფასებით ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს, ახალ მთავარია მოვახერხოთ ამის ფორმალიზება და გადაჭრა", - განმარტა ირაკლი გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეორგანიზაციისა და სისტემის მოდერნიზების პროცესი დაიწყო. "ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ირწმუნება, რომ მიზანი ხარისხზე ორიენტირებული მმართველობაა, რაც პროექტების დეტალურ შესწავლას და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას მოიაზრებს. მისივე თქმით, ქვეყანა მომავალი წლის ბოლოსთვის სრულად გადავა ევროპულ სამშენებლო სტანდარტებზე, რაც სამშენებლო სექტორში ხარისხის და ეფექტიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ცვლილებების ფარგლებში მთავრობამ მიიღო დადგენილებაც, რომლის თანახმადაც, ე.წ. თეთრ სიაში მყოფ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს 2026 წლიდან სახელმწიფო კონტრაქტის ავანსის 60%-ის საბანკო გარანტიის წარდგენა მოუწევთ, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა. 2027 წელს ეს მოცულობა 70% იქნება, ხოლო 2028 წელს - 80%.




























