ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა NVIDIA-მ ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის პროვაიდერ CoreWeave-ში 2 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.
მენეჯმენტის განცხადებით, ეს ინვესტიცია მიზნად ისახავს CoreWeave-ის ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას და AI-ქარხნების მშენებლობის დაჩქარებას, რომელთა ჯამური გამოთვლითი სიმძლავრე 2030 წლისთვის 5 გიგავატს უნდა მიუახლოვდეს.
ინვესტიცია CoreWeave-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია ბოლო პერიოდში დიდი მოცულობის ვალების გამო ინვესტორთა მხრიდან წნეხს განიცდის. NVIDIA-ს მხარდაჭერა არა მხოლოდ ფინანსურ რესურსებს, არამედ მიწის, ენერგიისა და მონაცემთა ცენტრების მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურის მოპოვებაში დახმარებასაც გულისხმობს.
გარდა ამისა, CoreWeave იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც დანერგავს NVIDIA-ს უახლეს ტექნოლოგიებს, მათ შორის Vera CPU-ებსა და Rubin-ის პლატფორმას, რაც მას ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას მისცემს.
სიახლის გავრცელებისთანავე CoreWeave-ის აქციების შეფასება ბირჟაზე 15%-ით გაიზარდა, რაც ბაზრის მხრიდან ამ სტრატეგიული ალიანსისადმი ნდობაზე მიუთითებს.



























