2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო ვალის სახით 245.6 მილიონი ლარი უნდა მიეღო, თუმცა ფაქტობრივად მიღებულმა თანხამ 122.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 50%-ია.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, საერთოდ არ ჩამორიცხულა ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები, რაც 69 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტების ათვისება კი 122.8 მლნ ლარი იყო, რაც ამ კატეგორიის სესხების 70%-ს შეადგენდა. შესაბამისად, მთლიანობაში საგარეო კრედიტების ათვისება გეგმის მხოლოდ 50%-ს შეადგენდა.
BMG-იმ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა თუ რამ განაპირობა კრედიტების დაბალი ათვისება. მისი განმარტებით, აღნიშნული განაპირობა ერთის მხრივ იმან რომ საინვესტიციო კრედიტებში (რომლის გეგმაც 176.7 მლნ ლარი იყო) მხოლოდ 122.8 მილიონიანი ათვისება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ამ კრედიტების თანხების ათვისება დაკავშირებულია საინვესტიციო პროექტების მშენებლობასთან და გეგმით გათვალისწინებული თანხა დროულად არ ჩამოირიცხა, რადგანაც აღნიშნულ პერიოდში მიღება-ჩაბარების დოკუმენტები სრულად გაფორმებული არ იყო, რომლის გადახდებიც აპრილში მოხდა.
ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებში 0 ლარის ჩამორიცხვას კი გიორგი კაკაურიძე უკავშირებს ADB-სთან გამართულ მოლაპარაკებებს. საქმე ისაა, რომ ამჟამად ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს სახელმწიფო მხოლოდ ADB-ისგან იღებს, ხოლო თავად ADB ამ დახმარებისთვის გამოსაყოფი თანხის მობილიზებას თავად მის მიერ ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ახორციელებს. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ADB-იმ მთავრობას აცნობა რომ უშუალოდ ახლა გლობალურ ფინანსურ ბაზარზე ახალი ფასიანი ქაღალდების შეთავაზებისთვის კარგი დრო არ იყო და უმჯობესი იქნებოდა ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვება და საქართველოსთვის თანხის გადმოცემა გარკვეული პერიოდით გადაიწიოს.
"საგარეო ვალი ორი კომპონენტისგან შედგება, ერთი არის საინვესტიციო კრედიტები, რომელიც კონკრეტულ პროექტებზეა მიბული და ანუ აქ ათვისება ნორმალური იყო. იყო რამდენიმე პროექტი, სადაც გადახდები არ განხორციელებულა ჯერ, მიმდინარეობდა სამუშაოები, თუმცა მიღება-ჩაბარება არ იყო გაფორმებული, ანუ აპრილში გადავიხადეს ნაწილი. ანუ მე ვფიქრობ, არ მგონია, რომ რაიმე პრობლემა იქნება ზოგადად საინვესტიციო პროექტების შესრულებასთან და როგორც ყველა გასულ წელს გადაჭარბებით იქნება ეს შესრულებული, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართულებით უკვე პირველ კვარტალშიც გადაჭარბებით არის შესრულება. რაც შეეხება საბიუჯეტო დახმარების სახით, ჩვენ პირველ კვარტალში დაგეგმილი გვქონდა მხოლოდ ერთი ახალი თანხის მიღება, ეს იყო აზიის განვითარების ბანკიდან მისაღები თანხა, რომელიც პრაქტიკა არის და ზოგადად ასე ხდება საბიუჯეტო თანხის მიღება. აზიის განვითარების ბანკი უნდა გავიდეს ბაზარზე, გამოუშვას ფასიანი ქაღალდები და იქიდან მიღებული თანხა გადმოგვცეს ჩვენ. ვინაიდან ბოლო პერიოდში ფინანსურ ბაზრებზე იყო საკმაოდ დიდი რყევები, ამიტომ აზიის განვითარების ბანკთან გვქონდა კონსულტაცია და მათ გადაწყვიტეს, რომ ჯობია გარკვეული პერიოდის მერე მოხდეს გამოშვება და შესაბამისად, როგორც მოხდება ბაზარზე აზიის განვითარების ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვება, ამ თანხას მივიღებთ. ეს უკვე შეთანხმებულია, გაწერილია ბიუჯეტში და ამ თანხის მიღების პრობლემა არ იქნება. უბრალოდ ბაზა ფინანსური ბაზარი შედარებით მდგრად მდგომარეობაში ჯობია, რომ იყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისთვის,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მთლიანობაში საქართველოს მთავრობა 2025 წელს 1.82 მილიარდი ლარის საგარეო ვალის მობილიზებას გეგმავს. აქედან 1.22 მილიარდი ლარი გრძელვადიანი საინვესტიციო კკრედიტებია, რომლებიც კონკრეტული პროექტების განხორციელებასთან (მაგისტრალების, გზების, არხების თუ წყლის მიწოდების სისტემების მშენებლობასთან) არის დაკავშირებული, 600 მილიონი ლარი კი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტებია.




























