მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ჩაშალა Disney-მ OpenAI-სთან დადებული $1-მილიარდიანი შეთანხმება?

Disney და OpenAI

გართობის ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Disney-მ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად შეფასებულ სტარტაპ OpenAI-სთან დადებული $1-მილიარდიანი შეთანხმება ჩაშალა.

როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ტექნოლოგიური გიგანტის მიერ ვიდეოგენერატორი პროგრამა Sora-ს დახურვა გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ინდუსტრიისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან სულ რაღაც სამი თვის წინ ორი კომპანია გრძელვადიან თანამშრომლობაზე საუბრობდნენ.

$1-მილიარდიანი კონტრაქტი კი ინოვაციისა და გართობის ინდუსტრიის ინტეგრაციას 3 წლით გულისხმობდა. ცნობისთვის, თავდაპირველი ხელშეკრულება Sora-ს პლატფორმაზე 200-ზე მეტი საკულტო პერსონაჟის, მათ შორის, მიკი მაუსის ინტეგრირებასა და მომხმარებლებისთვის მათზე დაფუძნებული მოკლე ვიდეოების შექმნის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. თუმცა, OpenAI-ს მიერ პროექტის დახურვამ და პრიორიტეტების შეცვლამ მილიარდიანი გარიგების გაუქმება გამოიწვია.

იმას გარდა, რომ Sora OpenAI-სთვის კიდევ ერთი არამოგებიანი პროექტი იყო, ვიდეოგენერატორ პროგრამას ეთიკური და სამართლებრივი პრობლემებიც არაერთხელ შეექმნა. გასული წლის სექტემბერში, მისი გამოსვლისთანავე აპლიკაციამ ექსპერტებისა და უფლებადამცველების მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა ე.წ. „Deepfake“-ების და ცნობილი ადამიანების სახეების უნებართვოდ გამოყენების გამო. ამის ფონზე, OpenAI იძულებული გახდა შეეზღუდა ისეთი საჯარო ფიგურების ციფრული ასლების შექმნა, როგორებიც მაიკლ ჯექსონი და მარტინ ლუთერ კინგი არიან. Disney-მ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ პატივს სცემს პარტნიორის ვიდეოგენერაციის ბიზნესიდან გასვლის გადაწყვეტილებას და ხელოვნური ინტელექტის პლატფორმასთან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს.

შეგახსენებთ, Sora-მ პოპულარობა მომხმარებლის ტექსტური მითითებების საფუძველზე ზედმიწევნით რეალისტური ვიდეოების გენერირების უნარით მოიპოვა. მიუხედავად ტექნოლოგიური გარღვევისა, ინდუსტრიული გაერთიანებები და მსახიობთა პროფკავშირები შიშობდნენ, რომ მსგავსი ხელსაწყოები ინტელექტუალურ საკუთრებასა და შემოქმედებით უფლებებს სერიოზულად დაარღვევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები