მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ჭიანურდება "საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონის ამოქმედება? - ირაკლი აბესაძის ანალიზი

შესყიდვები

პარლამენტის მიერ 2023 წელს დამტკიცებული კანონი "საჯარო შესყიდვების შესახებ", რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, ორი წლით გადავადდა. მიზეზად ის ასამდე შენიშვნა და კომენტარი დასახელდა, რომელიც კანონთან მიმართებით ევროსტრუქტურებს ჰქონდათ.

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" ხელმძღვანელი, ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ის ორი წელი, რომელიც კანონის იმპლემენტაციამდე მოსამზადებელი ვადა იყო, ვერ გამოიყენა და არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ არც დამატებით 2 წელია რეფორმისთვის გონივრული ვადა - ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.

"2023 წლის თებერვალში იქნა მიღებული საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი. თუ მაშინდელ განმარტებით ბარათს ჩავხედავთ, მითითებულია, რომ კანონის მთავარი მიზანი იყო ევროკავშირის პროცედურებთან და სტანდარტებთან დაახლოება და მათი საქართველოში დანერგვა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზრდილიყო სახელმწიფო შესყიდვებში როგორც თანხის ხარჯვის ეფექტიანობა, ასევე შესასყიდი საქონლის და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა. თუმცა კანონის მიღებიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა ახალ განმარტებით ბარათში თავად გვიწერს, რომ რეფორმა არის არასრულყოფილი და ნაჩქარევად გატარებული და თუკი ეს კანონი 1 იანვრიდან შევა ძალაში, ამით მნიშვნელოვნად დავაზარალებთ "კეთილსინდისიერ" ეკონომიკურ აგენტებსა, ასევე სახელმწიფოს და საზოგადოებრივ ინტერესებსო.

ანუ, სრული 2 წლის განმავლობაში, როდესაც მათ შეეძლოთ ნებისმიერი ცვლილების შეტანა კანონში, ნაცვლად იმისა, რომ ეს დრო გამოეყენებინათ მაქსიმალურად ოპტიმალურად, დღეს გვეუბნებიან, რომ დამატებით 2 წელია საჭირო, რომ მიიღოს ის სახე, რა განზრახვაც ჰქონდა ხელისუფლებას და, რაც მთავარია, სახელმწიფო სტრუქტურები შეხვდნენ მზად ახალი კანონის ამოქმედებას.

ჩვენი დასავლელი მეგობრები, არა მხოლოდ საექსპერტო დახმარებას, ფინანსურ დახმარებასაც არ ზოგავენ, რომ მსგავსი ტიპის რეფორმები გატარდეს ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად იყოს გამორიცხული კორუფცია სახელმწიფო შესყიდვებში და უხარისხო პროდუქციის შეძენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის ნაცვლად, სასაცილოა, რომ კანონის მიღებიდან 4 წლის შემდეგ გვპირდება მთავრობა ამოქმედებას, ეს აბსურდია", - აცხადებს აბესაძე.

კითხვაზე, რა რეალური მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ სახელმწიფო შესყიდვების რეფორმა გაჭიანურდეს, ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ კორუფცია და საჯარო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების მიერ "ქართული ოცნებისადმი" შეწირული დონაციები, მაღალი ალბათობით, ის მიზეზებია, რის გამოც რეფორმა არ ხორციელდება.

"თუ ჩვენ დღეს არსებულ საჯარო შესყიდვებს შევხედავთ, თავად განმარტებით ბარათშია მითითებული, რომ 2023 წელს 10 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, რაც ძალიან დიდი ოდენობის თანხაა, თუმცა ამავდროულად ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების მთავარ მახასიათებელ კომპონენტებად იქცა კორუფცია, ფულის ფლანგვა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ამის კლასიკური მაგალითია აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი მაგისტრალური გზა, რიკოთის მონაკვეთი…

კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ არაერთი მაგალითი გვქონია, როდესაც გადაჭარბებულად ხდება თანხების გადახდა. სად მიდის ეს თანხა? რა თქმა უნდა, მაღალი ალბათობით, ის “ატკატების” სახით მიდის ჩინოვნიკებთან, ასევე პოლიტიკური კორუფციის მნიშვნელოვანი კომპონენტია და ქართული ოცნების, როგორც პოლიტიკური პარტიის, დაფინანსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების მიერ გაღებული შემოწირულებებია", - აცხადებს აბესაძე.

რაც შეეხება დამატებით ვადას, რომელიც სახელმწიფომ რეფორმის განხორციელებისთვის განსაზღვრა, "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ არაგონივრულია და მხოლოდ კანონის ამოქმედების გადავადებას ემსახურება.

"აბსოლუტურად არაგონივრულია ვადა, რომელსაც სახელმწიფო ითხოვს. თუ ამ 2 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ ამ კანონის ამოქმედებისთვის, თუ სახელმწიფო აღიარებს, რომ ამ 2 წლის განმავლობაში საერთოდ აღარ უმუშავიათ ევროპულ სტრუქტურებთან, რომ კანონთან დაკავშირებით მათი შენიშვნები მოესმინათ, მაშინ შესაძლებელია, რომ 2 კი არა, 10-15 წელი გახდეს საჭირო. მაგრამ თუ ვსაუბრობთ ნორმალურ, გონიერ ადამიანებზე, ჯამში 4 წელი ემზადებოდე ერთი კანონის ასამოქმედებლად, ეს არის აბსურდი და უბრალოდ მცდელობა, გადაავადონ იმ ახალი მექანიზმების შემოტანა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს კორუფციულ გარიგებებს", - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები