მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადამიანები, რომლებსაც არანაირი ფუნქცია არ აქვთ, სახელმწიფო აპარატისგან სრულად უნდა გათავისუფლდნენ" - ირაკლი აბესაძე

აბესაძე

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებს და დირექტორებს, თბილისის მერიამ ფულადი ჯილდო, 100 ლარი ჩაურიცხა. შესაბამისი განკარგულება გამოცემულია და მას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი აბესაძე ავრცელებს.

როგორც პოლიტიკოსი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ აცხადებს, საქმე საბიუჯეტო მოსყიდვასთან გვაქვს.

„ის დასკვნები, რასაც ვაკეთებთ კონკრეტულ საპრემიო დანამატთან დაკავშირებით არის რეალური და საქმე გვაქვს საბიუჯეტო მოსყიდვასთან.

როდესაც ვსაუბრობთ 100-ლარიან საპრემიო დანამატის გაცემაზე, შეიძლება თბილისის მერიის წარმომადგენელი რომ გყავდეთ მან დაუკავშიროს აღდგომას ან სხვა მნიშვნელოვან მოვლენას, ან თუნდაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და თქვას, თუ რა შეიძლება გვქონდეს ამის საწინააღმდეგო. თუმცა უნდა გვქონდეს. იმიტომ, რომ თუ ვსაუბრობთ რეალურად მომუშავე ადამიანების წახალისებაზე და ასეთები, რა თქმა უნდა არსებობენ, საბავშვო ბაღებში და არიან ასეთები ათასობით, ვინც რეალურად ემსახურება ჩვენი პატარების აღზრდას, მაშინ 100-ლარიანი პრემია, რომელიც დაქვითვების შემდეგ 80 ლარზე და კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვა, ეს არის უბრალოდ ამ ადამიანების დაცინვა, უპატივცემულობა და აგდებული დამოკიდებულება.

მაგრამ თუ შევხედავთ იმ პერიოდს, როდესაც კახი კალაძე რუსული და ხშირ შემთხვევაში უაზრო, უტვინო გამონათქვამების Facebook-ზე გავრცელებისთვის, ლაიქებისთვის და გაზიარებისთვის მუნიციპალური აიპ-ების თანამშრომლების ზეწოლისთვის სამსახურებრივ ბერკეტს ხშირად იყენებს. თუ შევხედავთ, რომ საკუთარ პარტიულ აქტივს საკუთარი facebook პოსტების მოწონებისთვის 100 ლარი გადაუხადა, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თანხაა და ამაში დახარჯული 1,3 ათასი ლარი საბიუჯეტო რესურსების გაფლანგვაა “, - აცხადებს აბესაძე.

მისივე თქმით, კვლევების თანახმად 2012 წელთან შედარებით, როდესაც მუნიციპალურ აიპებში 48 000 ადამიანი იყო დასაქმებული, 2023 წელს მათი რაოდენობა 82 000 ადამიანამდე იყო გაზრდილი. ხოლო 2024 წელს, სავარაუდოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ ზრდის მიმართულებით დაკორექტირდებოდა.

„იმ 82 000 ადამიანიდან, რომელიც ჯამურად სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობს, ფართო გაგებით - ამაში სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოები მოიაზრება. ჯამურად, დაქირავებით დასაქმებული, 920 ათასი ადამიანი გვყავს. აქედან, 440 ათასი ადამიანი ჰყავს სახელმწიფო სტრუქტურებს დაქირავებული, სიპებს და აიპებს. ეს არის კატასტროფული საბჭოთა მოდელი, როდესაც დასაქმებულთა აბსოლუტური რაოდენობა სახელმწიფო საწარმოებში მუშაობს. მათ შორის, სახელფასო ფონდის მაგალითიც რომ ვთქვათ, მხოლოდ მუნიციპალურ აიპებში დასაქმებულებისთვის, 2020 წელს 340 მლნ ლარი იხარჯებოდა, ახლა თითქმის 700 მლნ იხარჯება. ანუ გაორმაგებულია.

ბაგა-ბაღებში მომუშავე პერსონალს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ რომ არა ის გაბერილი საშტატო რიცხოვნობა და პარტიული აქტივი, რომელიც ბალასტად არის შეყვანილი ამ მუნიციპალურ აიპებში, მათი საპრემიო ანაზღაურება შეიძლება 200-300-400 ლარი ყოფილიყო. ესეც არ არის ის ღირსეული ანაზღაურება, რომელსაც ისინი უნდა იღებდნენ იმ მძიმე შრომისთვის, ვინც მართლა მუშაობს. მაგრამ ეს რა თქმა უნდა გაცილებით მეტია, იმ დამცინავ საპრემიო ანაზღაურებასთან შედარებით, რაც ამ შემთხვევაში გაიცა.

პირველ რიგში, პრობლემა არის პოლიტიკური. ეს არ არის ბანალური და არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ უნდა ვსაუბრობდეთ პირველ რიგში პოლიტიკურ ცვლილებაზე და ხელისუფლებაში ადამიანების მოყვანაზე, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს რეალურად აღებული მართვაზე და რეალურად ესმის რას ნიშნავს ქმედითი პროფესიონალი სახელმწიფო აპარატი, აფასებს მას და მათთვის ყველანაირი პირობის შექმნას შეეცდება. რაც, მათ შორის სახელმწიფო აპარატის გათავისუფლებას ადამიანებისგან მოიაზრებს. ეს არ ნიშნავს, შემცირებას. ხშირად „ქართული ოცნება“ ასე თარგმნის ხოლმე, რომ ოპოზიცია აანონსებს რეპრესიებს. რეალურად აქ საუბარია, რომ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არანაირ ფუნქციას არ ასრულებენ, რასაც აუდიტის დასკვნაც ადასტურებს ეს ადამიანები სახელმწიფო აპარატისგან სრულად გათავისუფლებული უნდა იყვნენ“,-განაცხადა აბესაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები