"ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების მთავარი მიზეზი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტიანი გამოყენებაა.
მისი თქმით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიების განვითარებას, პროგრამების გაძლიერებას და დუბლირებული მიმართულებების შემცირებას.
გივი მიქანაძის განმარტებით, ორი უმსხვილესი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება „ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში“ პრინციპის ნაწილია და ემსახურება რესურსების კონცენტრირებას ორ საგანმანათლებლო ჰაბში – თბილისში და ქუთაისში.
"კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. განსაკუთრებით ეს ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება, ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში პრინციპის დაცვა.
ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, ორი ყველაზე დიდი ფლაგმანი უნივერსიტეტი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე. პროცესები, რომლებიც კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდებ წარიმართება შემდეგი თვეების განმავლობაში, უზრუნველყოფს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც გვაქვს მსგავსი პროგრამები ამ უნივერსიტეტს შორის, მოხდეს პროგრამების დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად დანაწილება ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. მოქმედი პოზიციები შენარჩუნებული იქნება და მას დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს.
რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებები იქნება შეტანილი, რეორგანიზაციის შესაძლებლობა გახდება კანონიდან გამომდინარე, მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს საბჭოს შექმნა, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნება და ამ საბჭოში პარიტეტის დაცვით თანაბარ უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სწორედ ისინი, ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, განახორციელებენ რეორგანიზაციას", - აცხადებს გივი მიქანაძე.
გაერთიანების გადაწყვეტილებას სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
შეგახსენებთ, 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებაზე უკვე მიღებულია ორივე უნივერსიტეტის რექტორების თანხმობა. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი.
მიქანაძის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება და ასევე არ შემცირდება სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები.
ამასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადიურმა და სამეცნიერო საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხზე. განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ საპარლამენტო მოსმენამდე პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიდნენ და საკითხი საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან საჯაროდ განიხილონ, ან ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა დაესწრონ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვას.




























