სურსათის ფასების რეგულირების შესახებ კანონის მიღების საკითხი დროებით დაპაუზებულია. ამის შესახებ მიმდინარე კვირას ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ კანონპროექტის მიღება აქტუალური აღარ არის, ძირითადი საკითხები კი რომლებიც კონკურენციასთან დაკავშირებით არსებობს, უშუალოდ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებებით დარეგულირებულია.
რატომ დაკარგა კანონპროექტმა აქტუალობა? - ამ საკითხზე გადაცემა „საქმიან დილაში“ რითეილ-ექსპერტმა, მირანდა მანჯგალაძემ ისაუბრა. მან ხუთი თვის წინ მთავრობის მიერ ფასების რეგულირების მიზნით კანონპროექტის დაანონსება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იმპულსური განცხადება იყო. აღსანიშნავია, რომ მაშინ პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა შესაბამისი ევროდირექტივაც დაასახელეს, რომლის მიხედვითაც უნდა შემუშავებულიყო რეგულაციები.
„ევროდირექტივა ნამდვილად არსებობს, თუმცა სიღრმისეული კვლევა, ჩემი სუბიექტური აზრით, ჩატარებული არ იყო. მას შემდეგ რაც მთავრობის ხელმძღვანელობას კონსტრუქციულად მიეწოდა დასაბუთება, სხვა ქვეყნების მაგალითები, გრძელვადიანი პერსპექტივები და ა.შ. ნამდვილად სასიხარულოა, რომ კონსტრუქციული გადაწყვეტილება მიიღეს და შესაბამისად, დაპაუზდა ეს კანონპროექტი. უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, სანამ მსგავს გადაწყვეტილებას მივიღებთ. შორეულ წარსულში სხვა განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, არცთუ ისე სახარბიელო შედეგი ჰქონდათ.
მე, როგორც ამ სექტორში ჩართული პირი, ვიმედოვნებ, რომ მთავრობა რეალურად შეძლებს სწორი გეზის იდენტიფიცირებას, რათა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, საზოგადოება, მომხმარებელი და ბიზნესიც იყოს მოგებული. ეს როგორ შეიძლება? ეს შეიძლება ლოგისტიკური ცენტრების მოწყობით, ადგილობრივი წარმოების წახალისებით, თუმცა არა სუბსიდირებით. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ადგილობრივი მეწარმე გავზარდოთ ისე, რომ მან ობიექტურად ჩაანაცვლოს იმპორტი, მეტოქე, პროდუქტი, სერვისი. ანუ რეალური მოთხოვნა გაჩნდეს და არა ის, რომ პრეფერენციები გავაკეთოთ. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე“, - განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, რეგულაციები უნდა იყოს ზომიერი, რათა საოპერაციო ხარჯი არ გაიზარდოს, რაც შემდგომში ბუნებრივია, დახლზე პროდუქციის ფასზე აისახება. რაც შეეხება კითხვას - რეალურად რამ გამოიწვია პრემიერის ინიციატივის შემდეგ ფასების კლება, რიტეილ-ექსპერტი ამბობს, რომ ეს კომპლექსური პროცესია და ამ კითხვაზე ერთი პასუხი არ არსებობს.
„ფასის კლება ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია, რომელიც უხილავი ხელით კონტროლდება. პირველი ფაქტორი არის ის, რომ იმპორტზე ხელშეკრულებები ფორმდება დოლარში. დოლარში ასახული ხელშეკრულების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ფასებზე სწრაფად ვერ აისახება. დოლარში დაფიქსირებულს დიდად სხვაობა და რყევა არ განუცდია. მეორე კომპონენტი არის ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასი იკლებს, ჩვენთან დახლზე რომ ფასი აისახოს, ამას სჭირდება დაახლოებით 3-6 თვე, ვინაიდან იმპორტიორს შექმნილი აქვს მარაგი და სანამ არ ამოყიდის ძველ ფასად შესყიდულს, დახლზე ფასში სხვაობა არ აისახება. ლოგისტიკა და საწვავის გაიაფებაც იწვევს პროდუქტის ფასის კლებას და ა.შ“, - აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.
სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტის შემუშავება პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის თებერვალში დაავალა. ირაკლი ღარიბაშვილმა რიტეილ სექტორში არსებულ საგადასახადო წესების შესახებ მაშინ აღნიშნა, რომ მთავრობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არსებობს და ბიზნესთან შეხვედრები საკითხის გადაწყვეტამდე გაგრძელდებოდა. მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა მისი ხელწერა არ არის, ამიტომ მთავრობამ სურსათზე ფასების შემცირება ევროდირექტივაზე დაფუძნებული კანონპროექტით გადაწყვიტა. საკითხის შესასწავლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც, რომელმაც კანონპროექტი შეიმუშავა.
რიტეილ-ექსპერტის მოლოდინით, კანონპროექტის განხილვა შეჩერდება, თუმცა შიდა კვლევები შეიძლება გაგრძელდეს, რათა გაიაზრონ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკები და მაგალითები, - „შესაბამისად, აუცილებლად ექნება ამ კანონპროექტს სახეცვლილება, რადგან ევროდირექტივა, რომელიც საფუძვლად იყო გამოყენებული, სულ სხვა მიზნობრიობას ითვალისწინებდა. ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ ის შესაძლებელია შეიცვალოს, ოღონდ ევროდირექტივის ფარგლებში წავიდეს იმ რელსებზე, რასაც ევროდირექტივა ითვალისწინებს და რასაც ადგილობრივი რითეილერები ნამდვილად ითვალისწინებენ“, - დასძინა რიტეილ-ექსპერტმა.