კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ამ დროისთვის FMCG-ბაზარზე დომინანტი კომპანიები იდენტიფიცირებული არ არის. ასე უპასუხა მან bmg-ის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას, რაც რიტეილ ბაზრისა და FMCG-სექტორის შესწავლას შეეხებოდა.
„რითეილ და FMCG-სექტორი ის ბაზარია, რაც ჩვენი ყურადღების ქვეშ არის მოქცეული და ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ. აქაც აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს როგორც მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან, ასევე რიტეილ-სექტორთან. ერთადერთი, რასაც ვხედავთ ბოლო წლების ტენდენციიდან არის ის, რომ ზოგადად, ქსელში შესვლის ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ეს უკავშირდება შესვლის გადასახადს, ქეშბექის პროცენტის მაჩვენებლებს თუ სხვა მსგავსი ტიპის საკითხებს, ეს ბუნებრივია ახდენს გარკვეულ ზეწოლას იმპორტიორებზე, რომ პროდუქციის ფასების კუთხით იყოს გარკვეული კორექტირებები, თუმცა მიმდინარეობს ამ დროისათვის მონიტორინგის პროცესი.
ჩვენ არ ვხედავთ დომინანტ კომპანიებს ამ ბაზარზე, რადგან დაახლოებით 10 კომპანიის წილი არის მთელი საქართველოს მასშტაბით 50%-ზე ცოტა მეტი და ყველაზე მსხვილი რიტეილ-ჯგუფის ქსელი არის სადღაც 12%-ის ფარგლებში. ეს არ არის გამოწვეული რაიმე დომინანტური მდგომარეობის არასათანადო გამოყენებით, თუმცა არის რიგი საკითხები, რაც თუნდაც ჩვენი უწყების მხრიდან ითხოვს გარკვეულ შეფასებებს. შუალედური ანგარიში ამ კუთხით გვაქვს, ახლა მიმდინარეობს დაზუსტება რიგი საკითხების და აქაც ალბათ თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რეკომენდაციების მიმართულებით წავალთ“, - თქვა ლექვინაძემ.