მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დააპაუზა „რანჩო გარდაბანმა“ გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობის პროექტი?

რანჩო გარდაბანი

შპს „რანჩო გარდაბანმა“, რომელმაც გასულ წელს გერმანულ კომპანიასთან 5-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, პროექტის განხორციელება დროებით შეაჩერა. საუბარია მასშტაბურ საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც სასათბურე მეურნეობის აშენებას, ბოსტნეულისა და ვარდების წარმოებას ითვალისწინებდა.

როგორც კომპანიის დირექტორი, არმაზ ხარძიანმა BM.GE-სთან ინტერვიუში თქვა, კომპანიამ ბანკს ერთმილიონიანი სესხის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. მიზეზი, ბანკის შეფასებით, არასაკმარისი შემოსავალი გახდა.

"ბანკმა არ მოგვცა სესხი იმიტომ, რომ ვერ დავაკმაყოფილეთ შემოსავალი. დღეში 1 500–1 600 ლარის რძეს ვაბარებთ, მაგრამ ბანკისთვის ეს ცოტა აღმოჩნდა“, - იხსენებს ხარძიანი.

კომპანიის დირექტორის განმარტებით, გერმანულ მხარესთან ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმებულია, პარტნიორები საქართველოში ჩამოსულები იყვნენ, ტერიტორიაც ნახეს და პროექტის პერსპექტივაზეც აქტიურად საუბრობდნენ.

„ხელშეკრულება რაც გავაფორმეთ, ჩამოვიდნენ, ადგილები ნახეს, გვარწმუნებდნენ, რომ ამის გაკეთება შეიძლება... შემდეგ, წავიდნენ“, - აღნიშნავს იგი.

მიუხედავად პროექტის დაპაუზებისა, „რანჩო გარდაბანი“ საქმიანობის გაფართოებაზე მაინც ფიქრობს. ხარძიანის თქმით, თებერვლის ბოლომდე კომპანია დამატებით 45 სული მეწველი საქონლის შემოყვანას გეგმავს, რათა რძის წარმოება გაზარდოს.

„რძეს კაპიკების ფასი აქვს, მაგრამ მაინც უნდა გავზარდოთ წარმოება. გვინდა დღიური შემოსავალი დაახლოებით 3 000 ლარამდე ავიყვანოთ, ანუ გავაორმაგოთ“, - ამბობს არმაზ ხარძიანი.

შპს „რანჩო გარდაბანს“ გარდაბანში უკვე მეოთხე წელია ჰოლშტეინების, ანუ ჰოლანდიური, ურქო პირუტყვის ფერმა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები