მილიარდერი მეწარმე ჯეკ მა Alibaba-ში დაბრუნდა. კამპუსში მისი გამოჩენა არ ყოფილა არც ხმაურიანი და არც საჯაროდ ტირაჟირებული, უფრო მეტიც, Bloomberg-ის ცნობით, მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაცია Alibaba-ს თანამშრომლებსაც კი არ ჰქონდათ.
მართალია, ერთ დროს, ჯეკ მა Alibaba-ს კამპუსში ცხოვრობდა და კომპანია მის გარეშე არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებდა, თუმცა მთავრობასთან დაპირისპირების შემდეგ, ჩინელ ინოვატორს საკუთარი კომპანიის მიტოვება, დირექტორის თანამდებობის დათმობა და ქვეყნიდან გადასვლაც კი მოუწია.
როგორც ჩანს, ჯეკ მამ მმართველი კომუნისტური პარტიის წინაშე ცოდვები მოინანია და ახლა უკვე მას თავისი საყვარელი საქმის კეთების უფლება აქვს, რაც Alibaba-ს განვითარებას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯეკ მა 100%-ით კონცენტრირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე და Alibaba-ს მიერ AI-პროექტში $53 მილიარდის დაბანდება სწორედ მის მიერ იყო შთაგონებული.
ამჟამად ჯეკ მას საქმიანობასთან დაკავშირებით დეტალები უცნობია, ასევე არ ვიცით, თუ რა როლს იკავებს იგი, რადგან აღმასრულებელ რგოლში ყოფნა მას დე ფაქტო შეზღუდული აქვს, მიუხედავად ამისა, ის მაინც რჩება კომპანიის უმსხვილეს აქციონერად და გადაწყვეტილების მიმღებ პირად ინვესტორთა საბჭოში.
ბუნებრივია, ჯეკ მას დაბრუნების სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ამ ადამიანის გარეშე არც Alibaba იარსებებდა და არც თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკა, რომლის განვითარებაში ლომის წილი სწორედ მას მიუძღვის.




























