მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაეცა Apple-ის აქციები დადებითი კვარტალური შედეგების გამოქვეყნების მიუხედავად?

Apple

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის შემოსავალი 2026 წლის ფისკალური წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 12%-ით გაიზარდა და $114.5 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით კომპანიამ FactSet-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $113.4 მილიარდს გადააჭარბა.

თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ტექ-გიგანტმა $27.47 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა 12%-ით მოიმატა და $30.71 მილიარდი გახდა. ერთ აქციაზე გამომუშავებულმა მოგებამ კი $2.10-ს მიაღწია, რითაც უოლ-სტრიტის მოლოდინებს ($1.99) გადააჭარბა.

სეგმენტების მიხედვით, შემოსავლების ზრდა ძირითადად iPhone-ის გაყიდვებმა განაპირობა. ამ მიმართულებით შემოსავალი წლიურად 17.5%-ით გაიზარდა და $57.6 მილიარდს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ახალი iPhone 18 Pro-ს პირველი დღეების გაყიდვები აისახა, დასაკეცი სმარტფონის, iPhone Duo-ს რეალიზაცია კი მომდევნო კვარტალში დაფიქსირდება.

ცალკეულად, Mac-ის პერსონალური კომპიუტერების გაყიდვები თითქმის 24%-ით გაიზარდა, ხოლო სერვისების მიმართულების შემოსავალმა რეკორდულ $31.6 მილიარდს მიაღწია. ამის საპირისპიროდ, iPad-ის შემოსავალი 10.4%-ით შემცირდა, ხოლო აქსესუარებისა და ჭკვიანი სახლის მოწყობილობების კატეგორიაში 7.9%-იანი კლება დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის კვარტალურ მოგებიანობაზე დადებითი გავლენა სატარიფო კომპენსაციებმა იქონია, რამაც ერთ აქციაზე მოგებას $0.05 შემატა და საერთო მარჟა 47.9%-მდე გაზარდა.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, დეკემბრის კვარტალში Apple-ი შემოსავლების 7%-დან 10%-მდე ზრდას პროგნოზირებს, თუმცა მეხსიერების ჩიპების გაძვირებისა და Siri AI-ის დანერგვის ხარჯების გამო, საერთო მარჟის 45-46%-მდე შემცირებას ელოდება. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ 46.3%-ზე დაბალია, რასაც სერვისების სეგმენტის ზრდის 8-9%-მდე მოსალოდნელი შენელებაც ემატება.

Quilter Cheviot-ის ტექნოლოგიური კვლევების ხელმძღვანელის, ბენ ბარინგერის შეფასებით, სატარიფო შეღავათების ამოწურვის შემდეგ კომპანიის მოგებიანობაზე წნეხი გაიზრდება, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებლებზეც აისახება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მარჟების მოსალოდნელი კლების გამო, საფონდო ბირჟის დახურვის შემდგომ ვაჭრობისას Apple-ის აქციების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა.

ცნობისთვის, ეს Apple-ის პირველი კვარტალური ანგარიშია მას შემდეგ, რაც 1 სექტემბერს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა, ტიმ კუკის ნაცვლად, ჯონ ტერნუსმა დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები