ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Windows-ის შემქმნელმა Microsoft-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. იმის მიუხედავად, რომ როგორც მთლიანი შემოსავალი, ისე წმინდა მოგება ანალიტიკოსების მოლოდინებზე მეტად გაიზარდა, კომპანიის აქციების ფასები მაინც 7%-ით შემცირდა.
ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ Microsoft-ი კვლავ აპირებს ინვესტიციების განხორციელებას ისეთ ქლაუდ და AI პროექტებსა თუ კომპანიებში, რომლებიც მოკლევადიან პერიოდში მაღალ შემოსავალს არ დებენ. მაგალითისთვის, ინვესტორებს არ მოსწონთ, რომ Microsoft-ი OpenAI-ში თანხების ჩადებას აანონსებს, იმის მიუხედავად, რომ სტარტაპი მოგებიანი არ არის.
რაც შეეხება კვარტალური შედეგების ძირითად ასპექტებს, ბოლო 3 თვეში შემოსავალმა $81.27 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.7%-იანი ზრდაა. მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი დაფიქსირდა წმინდა მოგების კუთხითაც, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, თითო აქციაზე გასაცემი დივიდენდების მოცულობა გაეზარდა. 39%-ით გაიზარდა Microsoft-ის ქლაუდ ინფრასტრუქტურიდან მიღებული შემოსავალი, რაც მცირედით ჩამორჩება გასული კვარტალის შედეგებს და აჩენს შიშს, რომ Microsoft-ი სერვისების მიმართ ინტერესი მცირდება. ინვესტორების ამ შიშის მიუხედავად, კომპანია მოელის, რომ მომდევნო კვარტალში Azure-იდან, ანუ ქლაუდ მიმართულებიდან შემოსავალი 38%-ით გაიზრდება.
ბოლო სამ თვეში გაიზარდა Microsoft-ის კაპიტალური და ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების ხარჯებიც. კერძოდ, საუბარია $37.5 მილიარდ დოლარზე, რაც უოლ სტრიტის მოლოდინებს მკვეთრად აჭარბებს და უკმაყოფილებას აჩენს ინვესტორებს შორის. აქციონერების დამშვიდება Microsoft-მა პროდუქტების წარმატებაზე ხაზგასმით სცადა. კერძოდ, Copilot-ს, Microsoft 365-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელს ყოველთვიურად 15 მილიონი ფასიანი გამომწერი ჰყავს და მათი რაოდენობა კვარტალურად იზრდება.




























