მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ დაეცა Nvidia-ს აქციების ფასი შემოსავლების 56%-იანი ზრდის მიუხედავად?

ჩინეთი
BM. GE
28.08.25 15:25
689

Nvidia-მ მეორე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, ბოლო 3 თვეში კომპანიამ $46.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56%-იანი ზრდა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ, კომპანიამ უოლ-სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა. მოსალოდნელზე დიდი ზრდა დაფიქსირდა აქციებზე გასაცემი დივიდენდების კუთხითაც;

თუმცა საკმაოდ დადებითი ზრდის მაჩვენებელი კომპანიის აქციების ფასებზე არ ასახულა. პირიქით, შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ბირჟაზე Nvidia-ს აქციები საშუალოდ 2.5%-ით დაეცა და ახლა $181 დოლარად ივაჭრება. ამის ძირითად მიზეზად კი ჩინეთთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ჩინურმა მარეგულირებელმა ადგილობრივ ტექ-კომპანიებს Nvidia-ს ჩიპების შეძენისაგან თავის შეკავება სთხოვა და საქმის გასარკვევად Nvidia-ს ადგილობრივი წარმომადგენლებიც კი დაიბარა.

კომპანიის ხელმძღვანელმა ჯენსენ ჰუანგმა ინვესტორებთან საუბრისას არ დამალა, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირება კომპანიაზე უარყოფითად მოქმედებს და უდიდეს აზიურ ბაზარზე ჩიპების შეტანას ართულებს. ამის მიუხედავად, ჰუანგმა ინვესტორები დაამშვიდა და განაცხადა, რომ Nvidia-ს მიერ შექმნილი უკონკურენტო ჩიპები, მათ შორის ახლად წარდგენილი Blackwell კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის, რადგან მსოფლიო უფრო და უფრო ინტერესდება ინოვაციური ტექნოლოგიებით.

ჩინეთთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ინვესტორებს კომპანიის ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესიც ესაუბრა და აღნიშნა, რომ მე-2 კვარტალში უმსხვილეს აზიურ ბაზარზე H20-ტიპის არცერთი ჩიპი არ გაყიდულა. თუმცა იქვე დასძინა, რომ კომპანია მთავრობის თანხმობას ელოდება, რის შემდეგაც ჩინურ ბაზარზე $2-დან $5-მილიარდამდე ღირებულების ჩიპები გაიყიდება და კომპანიის შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები