მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაიხურა სასტუმრო „როიალ ბატონი“ და როდის იგეგმება მისი გახსნა?

645a5a8f4a5a3
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.23 00:00
8560
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში სასტუმრო Royal Batoni დაიხურა და რეკონსტრუქციის ეტაპზეა. ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს მენეჯერმა ალინა სარინიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, „როიალ ბატონი“ პანდემიის გამო ჯერ კიდევ 2020 წლის 24 დეკემბერს დაიხურა და მას შემდეგ არ გახსნილა. მიზეზი სასტუმროს მმართველი კომპანია „როიალ ბატონის“ გადაწყვეტილებაა, რომელიც სასტუმროს რეკონსტრუქცია და განახლების გულისხმობს. ეს კომპანია სასტუმროს 2019 წლიდან მართავს. სასტუმროს მენეჯერი ალინა სარინიანი Royal Batoni-ს განახლების დეტალებსა და გახსნის ვადებს ვერ აზუსტებს, თუმცა ამბობს, რომ პროექტირებაზე მუშაობა გასული წლიდან დაიწყეს.

„პანდემიის შემდეგ, როცა სასტუმროებმა გახსნა დაიწყო, გადაწყდა, რომ მომხდარიყო სასტუმროს განახლება და რამდენიმე ნომრით გაფართოება. გასულ წელს დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა და ამ ეტაპზე საპროექტო კომპანიებთან პროექტების შეთანხმებაზე ვმუშაობთ. ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენი ნომრით გაფართოვდება სასტუმრო, რა ინვესტიცია ჩაიდება, ან რა პერიოდის განმავლობაში დავიწყებთ განახლების პროექტს“, - ამბობს ალინა სარინიანი.

ცნობისთვის, ყვარელში, ილიას ტბასთან, სასტუმრო Royal Batoni „საპარტნიორო ფონდისა“ და კომპანია „ვინივერიას“ პარტნიორობით აშენდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2.3 მლნ დოლარი იყო. 32-ნომრიანი სასტუმრო 2013 წელს ამოქმედდა და რესტორანს, აუზს, საკონფერენციო სივრცეს მოიცავდა. სასტუმროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მენეჯმენტი სტუმრებს კახეთში, სხვადასხვა მიმართულებით ტურებსაც სთავაზობდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2019 წელს კომპანია „ვინივერიას“ დამფუძნებლებმა „როიალ ბატონის“ წილები კომპანია „როიალ ბატონზე“ გაასხვისეს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე იური კოროტჩენკოა. სწორედ ეს კომპანია მართავს 2019 წლიდან სასტუმროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები