მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაჯდა 2025 წლის რთველის სუბსიდირება დაგეგმილზე სამჯერ ძვირი - ₾220 მილიონი?

რთველი ჩაბარება

2025 წლის რთველის დაფინანსება მთავრობას თავდაპირველად 60 მილიონი ლარით ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა ფაქტობრივი ხარჯი ამაზე 3.5-ჯერ მეტი 220 მილიონი ლარი იქნება.

რთველის სუბსიდიის გაზრდილ მოცულობას ითვალისწინებს 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ დაფინანსების ზრდა დაკავშირებული იყო როგორც მოსალოდნელზე უფრო დიდი მოსავლის მიღებით, ასევე რთველის სუბსიდირების წესების მოდიფიცირებით.

"გვქონდა დაგეგმილი 60 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა მოსავალი იყო გაცილებით უფრო დიდი. შეიცვალა სუბსიდირების წესი და კერძო კომპანიების ნაცვლად სახელმწიფომ სრულად ჩაიბარა ის ჭარბი ყურძენი, რომელსაც კომპანიები აღარ იბარებდნენ. შესაბამისად, აქ დამატებით გახდა საჭირო 160 მილიონი ლარის გამოყოფა და 220 მილიონ ლარს გადააჭარბებს რთველის დაფინანსება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

რაც შეეხება მოცულობას, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში რეკორდული რაოდენობის, 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21 200-მა მევენახე ფერმერმა დააბინავა. გადამუშავებული ყურძნიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძენი კერძო სექტორმა, დანარჩენი მოსავლის ნაწილი კი სახელმწიფომ შეიძინა.

აღნიშნული სუბსიდიით სახელმწიფო კომპანია მევენახეებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად, რქაწითელსა და სხვა ჯიშის ყურძენს კი 1.2 ლარად იბარებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები