მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დარჩებით ღარიბებად? – ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის რეალური ეფექტი

ავტომობილი

"ქართული ოცნების" მთავრობამ თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საკამათო ეკონომიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირდაპირ დარტყმას აყენებს ქვეყნის ყველაზე აქტიურ ბიზნესსექტორს — ავტოიმპორტს.

კანონი, რომელიც აპრილიდან 6 წელზე უფრო დიდი ასაკის ავტომობილების იმპორტს კრძალავს, ერთი შეხედვით კეთილშობილური მოტივებითაა შექმნილი, თუმცა მისი სიღრმისეული ანალიზი აჩვენებს, რომ მისი რეალური შედეგი მოსახლეობის კეთილდღეობის და ეკოლოგიის გაუმჯობესების ნაცვლად, ქართველი ხალხის კიდევ უფრო მეტად გაღარიბება იქნება.

საქმე ისაა, რომ ავტოინდუსტრია საქართველოსთვის ეკონომიკური ხერხემალია. ეს არ არის მხოლოდ მანქანების ყიდვა-გაყიდვა და რეექსპორტით სარგებლის მიღება; ეს არის უზარმაზარი ეკოსისტემა, რომელიც ასიათასობით ადამიანს ასაქმებს და ბიუჯეტში კოლოსალურ გადასახადებს აგენერირებს. როდესაც სახელმწიფო ამ სექტორში უხეშად ერევა და წლოვანებაზე "მოძრავ ცენზს" აწესებს, ის რეალურად ადამიანებს ართმევს შანსს, რომ სასურველი ავტომობილს შეძენას მიუახლოვდნენ, რადგან საშუალო ქართველის შემოსავალი არ იზრდება იმ ტემპით, რა ტემპითაც ეს კანონი ყოველწლიურად გადაწევს დასაშვები ავტომობილის გამოშვების წელს – ახალი ავტომობილი კი, გლობალური ინფლაციის გამო, ყოველთვის უფრო ძვირი იქნება.

შედეგად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელიც დღეს 2020 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებს ფლობს, იძულებული გახდება, წლების განმავლობაში შეაკეთოს და მართოს ის ავტომობილი, რომელიც ახლა ჰყავს, რადგან ახალი სტანდარტის ავტომობილის ჩამოყვანა გაცილებით ძვირი იქნება, ადგილობრივ ბაზარზე კი მეორადი ავტომობილების ფასები საგრძნობლად იქნება გაზრდილი.

მთავრობის მიერ გაჟღერებული ოთხი მთავარი მოტივი: ავტოპარკის გაჯანსაღება, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ჯანმრთელობის დაცვა და საცობების განმუხტვა, ეკონომიკურ რეალობასთან შეჯახებისას, სამწუხაროდ, იმსხვრევა. ავტოპარკის გაჯანსაღება ფორსირებულად, აკრძალვების გზით, შეუძლებელია. ეკონომიკა ბუნებრივად უნდა მივიდეს იქამდე, რომ ადამიანმა თავად ისურვოს და შეძლოს ახალი მოდელის შეძენა.

დღეს კი, როდესაც აშშ-ის ფედერალური რეზერვის მაღალი განაკვეთის გამო, ამერიკაშიც კი გაძვირებულია მეორადი ავტომობილები, ქართველ მომხმარებელს მოუწევს ორმაგი და სამმაგი პრემიუმის გადახდა მხოლოდ იმისთვის, რომ კანონის ფარგლებში ჩატევა მოახერხოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი ფული გავა ყველაზე სწრაფად გაუფასურებად აქტივში — ავტომობილში, ნაცვლად იმისა, რომ ეს კაპიტალი უძრავ ქონებაში, განათლებაში, ობლიგაციებში, კომპანიების აქციებსა და ბიზნესში დაბანდდეს.

ეკოლოგიური არგუმენტიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2016-2017 წლებში ევროპული ან ამერიკული ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილი, რომელიც მკაცრ Euro 6 ან US EPA სტანდარტებს აკმაყოფილებს, ხშირად ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე 2021 წელს აზიური ბაზრისთვის გამოშვებული დაბალბიუჯეტიანი მოდელი. გარდა ამისა, 2020-2021 პანდემიური წლები ავტოწარმოების ისტორიაში პრობლემური პერიოდია, რადგან მიწოდების ჯაჭვების რღვევის გამო, ხარისხი მიმართულებით ობიექტური პრობლემები იყო და ამ წლებში გამოშვებულ ავტომობილებს, როგორც წესი, მომხმარებლები თავს არიდებენ, ანუ სასურველი საიმპორტო წელი, რეალურად, 2022-23-დან იწყება.

შესაბამისად, მხოლოდ წლოვანებაზე აქცენტის გაკეთება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გარანტიას არ იძლევა. პირიქით, იმპორტის ჩაკეტვა გამოიწვევს იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე დარჩენილი ძველი ავტომობილები კიდევ უფრო გაძვირდება და მოსახლეობა მათ ბოლომდე გამოყენებას დაიწყებს, ანუ ექსპლუატაციის ვადის ხელოვნურად გახანგრძლივებას, რაც საბოლოო ჯამში ეკოლოგიურ სურათს გააუარესებს, რადგან გზებზე 15-20 და 30 წლის ავტომობილებში რაოდენობა, ამ შეზღუდვის გამო, გაიზრდება.

განსაკუთრებით საგანგაშოა ამ გადაწყვეტილების გავლენა მიწოდების ჯაჭვზე. დარტყმის ქვეშ ექცევიან არა მხოლოდ ავტოდილერები, არამედ იმპორტიორი და ტრანსპორტიორი კომპანიები, საბანკო და საკრედიტო სექტორი, საბაჟო ტერმინალები და ადგილობრივი გადამზიდები. ამას ემატება ხელოსნების, ავტონაწილების მაღაზიებისა და სერვისცენტრების უზარმაზარი ქსელი. როდესაც ბრუნვის 60% სწორედ 2020 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებზე მოდის, ამ სეგმენტის ამოჭრა ფაქტობრივად ბაზრის კოლაფსს და საქართველოს, როგორც საავტომობილო ჰაბის ნარატივის ოფიციალურად დასრულებას ნიშნავს. ასიათასობით ადამიანი, რომელიც ამ ბიზნესით საკუთარ ოჯახს ინახავს, შემოსავლის გარეშე დარჩება, რაც ავტომატურად აისახება საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაზეც და ქვეყნის ეკონომიკურ რეგრესზე.

ცხადია, საბოლოო ჯამში, საცობების განმუხტვის ილუზიაც გაქრება, რადგან ადამიანები უბრალოდ სხვა ბაზრებზე გადაინაცვლებენ და დაბალი ხარისხის, მაგრამ ახალ აზიურ ავტომობილებს შემოიყვანენ. ქვეყანა კი ეკონომიკურად დარჩება იქ, სადაც ახლა არის — გაზრდილი ხარჯებით, ხელოვნურად გაძვირებული ძველი ავტოპარკით და დაკარგული ეკონომიკური პოტენციალით.

ავტომობილი ქონების დაგროვების საშუალება და საინვესტიციო აქტივი არ არის, ის პრაქტიკული ხარჯია, და როდესაც სახელმწიფო გვაიძულებს ამ ხარჯის ხელოვნურად გაზრდას, ის ამ ქმედებით პირდაპირ გვეუბნება: "ან გამდიდრდით აგრესიულად, ან დარჩით ღარიბებად".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები