მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დატოვა OpenAI-ის ბიზნესისა და პროდუქტებისა მიმართულების ხელმძღვანელმა თანამდებობა?

ფიჯი სიმო

ხელოვნური ინტელექტის წამყვანი სტარტაპის, OpenAI-ის პროდუქტებისა და ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ფიჯი სიმომ თანამდებობა დატოვა.

მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება ქრონიკული დაავადების მკვეთრი გაუარესების გამო მიიღო. იგი კომპანიაში საქმიანობას ნახევარ განაკვეთზე, მრჩევლის სტატუსით გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ფიჯი სიმომ სამედიცინო შვებულება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში აიღო. ამ პერიოდში პროდუქტებზე პასუხისმგებლობა კომპანიის პრეზიდენტმა, გრეგ ბროკმანმა გადაიბარა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ფიჯი სიმოს პოსტურალური ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომის დიაგნოზი 2019 წელს დაუსვეს. ყოფილმა ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ X-ში წერილიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობისთვის პრიორიტეტის მინიჭება ბევრჯერ დააგვიანა და სწორედ ამიტომაა ახლა რთულ მდგომარეობაში.

OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა ფიჯი სიმოს გაწეული მუშაობისა და მეგობრობისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

ფიჯი სიმო OpenAI-ს გუნდს გასული წლის მაისში შეუერთდა. მას ორგანიზაციის ტრადიციული ფუნქციების მასშტაბირება ევალებოდა. მანამდე იგი იკავებდა კომპანია Instacart-ის გენერალური დირექტორის პოზიციას, სადაც აქციების საჯარო განთავსების პროცესს უხელმძღვანელა. ფიჯი სიმომ ათ წელზე მეტი დაჰყო კომპანია Meta-ს წამყვან პოზიციებზე, სადაც 2019-2021 წლებში Facebook-ის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ყოფილი მენეჯერის თქმით, მარკ ზაკერბერგმა მას ერთწლიანი სამედიცინო შვებულება ჯერ კიდევ დაავადების ადრეულ ეტაპზე შესთავაზა, თუმცა მან ეს შეთავაზება უარყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები