OpenAI-ის გენერალური დირექტორი სემ ოლტმენი გაეროს უშიშროების საბჭოს ღია სხდომას სიტყვით პირადად მიმართავს.
15 წევრისგან შემდგარი საბჭოს შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ოთხშაბათს გაიმართება. Reuters-ის ცნობით, სხდომა სექტემბრის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ, საფრანგეთმა მოიწვია. დაგეგმილ დისკუსიას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო უხელმძღვანელებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სხდომის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის სფეროში საერთაშორისო კოორდინაცია და უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტების დანერგვა იქნება. მოლაპარაკებების მონაწილეები ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენების საფრთხეებს და მზარდ სისტემებზე კონტროლის დაკარგვის რისკებს განიხილავენ. ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობას კომპანია Anthropic-ის მაღალი რანგის წარმომადგენლებიც მიიღებენ.
ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭომ ხელოვნური ინტელექტის რისკებთან დაკავშირებით პირველი სპეციალური სხდომა 2023 წელს გამართა. ახალი დისკუსია კი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელთა განახლებული მოწოდებების ფონზე გაიმართება.























