ამერიკულმა AI სტარტაპმა, OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის უახლესი მოდელი GPT-6 Astra ოფიციალურად წარადგინა. არსებული ინფორმაციით, ახალ სისტემას მომხმარებლის კომპიუტერის მართვა, ვებგვერდებზე შესვლა და დავალებების შესრულება, პროგრამების შექმნა და სამეცნიერო კვლევების შესრულება დამოუკიდებლად შეუძლია.
კომპიუტერზე წვდომის მიცემის შემთხვევაში, მას მარტივი ბრძანებით შეუძლია შექმნას, გადააადგილოს ან წაშალოს მასალები, ააწყოს სრულფასოვანი პრეზენტაციები და შეიტანოს მათში შესწორებები. შექმნას ნებისმიერი ფიგურის 3D მოდელი და გარდაქმნას ის კომპიუტერულ თამაშად. ტექნოლოგიური მიმომხილველების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა იმ ფაქტმა, რომ Astra-მ მხოლოდ ერთი სრულფასოვანი პრომპტის გამოყენებით შეძლო ცნობილი თამაშის, Minecraft-ის ანალოგის შექმნა.
დეველოპერების განცხადებით, მოდელს მომხმარებლის მიზნების გაცილებით უკეთ გააზრების უნარი აქვს და ბუნდოვანი დავალებების შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილებებს ზუსტად იღებს. ამ შესაძლებლობების წყალობით, სისტემა კომპლექსურ პროფესიულ დავალებებსაც კი ადამიანის მინიმალური ჩარევით ასრულებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალმა მოდელმა საკვანძო ტესტებში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. ტესტირების პროცესში GPT-6 Astra-მ მთავარ მეტოქეებს, Anthropic-ის Claude Fable 5.1-სა და Google-ის Gemini 3.8 Flash-ს მნიშვნელოვნად აჯობა. ახალმა სისტემამ უმაღლესი შეფასება მიიღო რთული პრობლემების გადაჭრისთვის შექმნილ ARC-AGI-3 ტესტში, ასევე პროგრამირების სატესტო პლატფორმა Terminal Bench 4.0-სა და რთული მათემატიკური ამოცანების გამოცდისთვის განკუთვნილ FrontierMath Tier 4-ში. როგორც საბოლოოდ გაირკვა, მოდელი პროგრამული კოდის წერასა და მათემატიკურ გამოთვლებს რეკორდულ დროში ასრულებს.
საყურადღებოა, რომ OpenAI-მ უსაფრთხოების რისკების თავიდან ასაცილებლად მოდელის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები შეგნებულად შეზღუდა. ოფიციალური განმარტებით, სისტემა ავტომატურად დაბლოკავს ყველა ისეთ ბრძანებას, რომელიც რომელიმე კომპანიისა თუ პირისთვის ზიანის მოტანის რისკებს შეიცავს.
ChatGPT Astra-ს სრული ხელსაწყოს გამოცდის უფლება მხოლოდ სტარტაპის უახლოეს პარტნიორებს მიეცათ. ამ ორგანიზაციებს საკუთარ ციფრულ ინფრასტრუქტურაში არსებული ხარვეზების აღმოჩენა და მათი დაცვა დამოუკიდებლად შეეძლებათ.
რაც შეეხება სისტემის ხელმისაწვდომობას, GPT-6 Astra უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ChatGPT-ის ფასიანი პაკეტების, მათ შორის Plus, Pro, Business და Enterprise მომხმარებლებისთვის.
OpenAI-ს უახლესი მოდელის მთავარი უარყოფითი მხარე ის ფასია, რომელიც მისი სრულფასოვნად გამოყენება ღირს. სტანდარტული პაკეტის გამოწერის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლებს რამდენიმე ასეული დოლარით მეტის გადახდა უწევთ, რათა AI-მ რთული დავალებები იდეალურად შეასრულოს.



























