ეკონომისტი ირაკლი მაკალათია ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებას მოსალოდნელ გადაწყვეტილებად აფასებს. მისი განმარტებით, სების ამ ნაბიჯის მთავარი მიზეზი 2026 წელს დინამიკაში ინფლაციის მაჩვენებლების სტაბილურობის შენარჩუნებაა.
როგორც მაკალათიამ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, ინფლაციური პროგნოზის 5.2%-დან 5.4%-მდე ზრდა არ წარმოადგენს იმ მასშტაბის კრიზისს, რის გამოც სებს მონეტარული პოლიტიკა მკვეთრად უნდა გამკაცრებინა.
„სების გადაწყვეტილება გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, ამის მიზეზი იყო ის, რომ ინფლაციის მაჩვენებლები დინამიკაში 2026 წელს გვაქვს სტაბილური. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკეთესი მდგომარეობა ან დაბალი ინფლაციური მაჩვენებელი გვაქვს, უბრალოდ სტატისტიკურად ამას თუ შევხედავთ, გვაქვს სტაბილური პერიოდი. განსაკუთრებით ბოლო ორი თვის 5.6%-იანი ინფლაციის მაჩვენებლები გვეჭირა. შესაბამისად, როცა მსგავსი ტენდენცია გვაქვს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაც მსგავსი უნდა ყოფილიყო, ანუ უცვლელად დაეტოვებინა.
ეს არ არის ის პროცენტული ცვლილება, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გამკაცროს, იმიტომ რომ 0.2%-იანი პუნქტი არ არის ის კატასტროფა, რაზედაც შეიძლება ეროვნულმა ბანკმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რაღაც ერთის მხრივ, შეიძლება რაღაც დადებით მოვლენად აისახოს ინფლაციური მოლოდინების მოთოკვის ნაწილში, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ამას ერთის მხრივ ეკონომიკისთვისაც უარყოფითი შედეგები მოაქვს და მერე იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სესხი მიბმული აქვს რეფინანსირების განაკვეთზე.“ - განმარტა მაკალათიამ.
ეკონომისტმა ყურადღება გაამახვილა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზეც და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა 3%-იანი სამიზნე ნიშნული დააწესა, რეალური ინფლაცია მას თითქმის არასდროს დაახლოებია, გარდა გასული წლის ერთეული პერიოდისა. მისი თქმით, ამჟამინდელი 5.6%-იანი მაჩვენებელი, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, მიუთითებს იმაზე, რომ ფასები კვლავ იზრდება, უბრალოდ უფრო ნელი ტემპით, ვიდრე წინა პერიოდში.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 7.2%-მდე გაუმჯობესებას, მაკალათიას შეფასებით, პროგნოზების 1-2%-იანი მერყეობა რეალურ სურათს არსებითად არ ცვლის. საქართველოს მსგავსი განვითარებადი ეკონომიკების შემთხვევაში, დაბალი საბაზო მაჩვენებლის გამო, პროცენტული ზრდა ყოველთვის უფრო მაღალი ჩანს, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში ჩამორჩენა მაინც დიდია.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ზრდა ძირითადად IT სექტორზე მოდის, რაც უფრო „რიგითი ბუღალტერიაა“ და ნაკლებად ასახავს რეალური, მწარმოებლური ეკონომიკის განვითარებას. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ისეთი სექტორების გაძლიერება, რომლებიც ადგილობრივად მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და პროდუქციის გაიაფებას შეუწყობს ხელს.
„100 ლარი რომ გაქვს და 110 ლარი გახდა შენი შემოსავალი 10%-ით კი გაგეზარდა შემოსავალი და ეკონომიკა, მაგრამ 10%-იანი ზრდა პროცენტული მაჩვენებელია და მეორეს მხრივ ნიშნავს იმას, რომ იმავე მდგომარეობაში ხარ, რა მდგომარეობაც გქონდა.
შესაბამისად, რაც უფრო დაბალი განვითარების ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ასეთს ჩვენ წარმოვადგენთ, აქ ყოველთვის დაფიქსირდება შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდები, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში. მაგრამ აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ცხადია, მათ მკვეთრად ჩამოვრჩებით. აქედან გამომდინარე, ასეთ განვითარებად ქვეყნებს ყოველთვის აქვთ პროცენტულად მაღალი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი, რაც მოსახლეობაზე მნიშვნელოვნად ვერ იგრძნობა.
რაც შეეხება სექტორებს, ძირითადად ეს IT მიმართულებით გვაქვს ზრდა, აქ ცალკე კითხვაა რამდენად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქმნიან ამ დოვლათს და მეორეს მხრივ, რამდენად ქვეყანაში რჩება ეს წარმოებული ეკონომიკური დოვლათი. ეს უბრალოდ რიგითი ბუღალტერიაა, რაც მერე უკვე რიცხვებში აისახება და გვაძლევს ეკონომიკურ ზრდას.“ - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.2%-დან 5.4%-მდე, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-დან 7.2%-მდე გაზარდა. სების განმარტებით, ინფლაციის პროგნოზის ზრდა გლობალურ ბაზრებზე გახანგრძლივებულმა ინფლაციურმა წნეხმა განაპირობა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების საფუძველი კი მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური აქტივობაა.
ამასთან, 2026 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სების თანახმად, ინფლაციური წნეხის შენარჩუნებას ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ენერგორესურსების გაძვირება და საერთაშორისო ტრანსპორტირებისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები განაპირობებს.
























