ალბანეთის დედაქალაქი, ტირანა პროტესტმა მოიცვა. ათასობით მომიტინგე ქუჩაში ქვეყნის პრო-დასავლელი პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობის მეთაური კორუმპირებულია და მან ძალაუფლება უნდა დათმოს.
ქუჩებში დემონსტრანტების გამოჩენას წინ უძღოდა რამას უახლოესი მოკავშირისა და ალბანეთის ვიცე-პრეზიდენტის, ბელინდა ბალუკუს წინააღმდეგ საქმის აღძვრა კორუფციის ბრალდებით. როგორც ალბანეთის პროკურატურა აცხადებს, ბალუკუ თავისი გარემოცვის წევრებს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის სახელმწიფო ტენდერების მოგებაში დაეხმარა. მოსახლეობის გაბრაზება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ბალუკუს ოფიციალური იმუნიტეტი იცავს, რისი მოხსნის უფლებაც მხოლოდ პარლამენტს აქვს. უმრავლესობა კი საკუთარი გუნდის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე უარს აცხადებს.
სწორედ იმუნიტეტის მოხსნის საკითხის ჩაგდებას მოჰყვა სახალხო პროტესტი, რაც სამართალდამცავ უწყებებთან ძალადობრივ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პრემიერ-მინისტრის ოფისს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული 4 დემონსტრანტი, 7-ის წინააღმდეგ კი გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. დაშავდა 2 პოლიციელი, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს კი მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული.
ოპოზიციის ლიდერმა, სალი ბერიშმა და მისმა “დემოკრატიულმა პარტიამ” დააანონსეს, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ ედი რამა თანამდებობას არ დატოვებს, ბელინდა ბალუკუ კი გამოძიების წინაშე არ წარდგება. თავის მხრივ, მმართველ გუნდში ქვეყნის მთავარ ანტიკორუფციულ სააგენტო SPAK-ს აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ მისმა გამომძიებლებმა პროცედურული შეცდომები დაუშვეს, რამაც ხელი შეუწყო უდანაშაულო ადამიანისთვის ცილისმწამებლური ბრალდებების გაჟღერებას.




























