ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Alibaba-ს აქციების ფასი ბოლო პერიოდში მკვეთრად გაძვირდა. გასულ ერთ თვეში, კომპანიის აქციების ფასმა 62%-ით იმატა, ხოლო იანვარში დაფიქსირებული ლოკალური მინიმუმის შემდეგ, ჩინური ჰოლდინგის აქციების ფასი, საერთოდაც, 75%-ითაა გაზრდილი.
ჩინური კომპანიების და კერძოდ Alibaba-ს გაძვირება რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, მათ შორისაა ჩინური კომპანიების ბოლო წლებში მკვეთრად შემცირებული კაპიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი.
2024 წლის ფინანსური მესამე კვარტალის მონაცემებით, Alibaba-ს შემოსავალი წლიურად 8%-ით გაიზარდა და $38.5 მილიარდი შეადგინა. კომპანიის წმინდა მოგება $6.7 მილიარდი იყო, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიის აქციების ფასის ზრდას განსაკუთრებულად ხელი შეუწყო AI-ის განვითარებამ და ელექტრონული კომერციის, ანუ Alibaba-ს მთავარი ბიზნესის მყარმა ფინანსურმა შედეგებმა.
კომპანიის დირექტორის, ედი ვუს განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტში Alibaba $52 მილიარდზე მეტს დააბანდებს. ეს ინვესტიცია აღემატება იმ თანხას, რაც Alibaba-მ ბოლო ათწლეულში AI-ის და ქლაუდ-ტექნოლოგიების მიმართულებით დახარჯა, ხოლო თავად ეს ნაბიჯი წარმოაჩენს იმ ამბიციას, რომელიც ჩინურ ჰოლდინგს ამ მიმართულებით აქვს.
Alibaba-ს საქმიანობაზე AI-ის გავლენა უკვე შესამჩნევია, ხოლო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტების შემოსავალი ექვსი კვარტალის განმავლობაში სამნიშნა ზრდას აჩვენებს. ქლაუდ-სერვისების მიმართულება კი 13%-ით გაიზარდა, რაც AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მზარდი მოთხოვნით აიხსნება. აღნიშნული ფაქტორების შედეგად, Alibaba-ს აქციების ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ბოლო წლის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაციამ 87%-ით იმატა.