მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ძვირდება ოქრო და ვერცხლი ბირჟაზე? - “ზარაფხანას” შეფასება

ოქრო და ვერცხლი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საინვესტიციო აქტივებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ამონაგები ოქროს აქვს, რომლის ფასმა მიმდინარე კვირაში რეკორდულ $2,620-მდე გაიზარდა უნციაზე. ბოლო ნახევარ წელიწადში, ოქროს ფასი ბირჟაზე 18%-ით არის გაძვირებული, ერთ წელიწადში ზრდა 45%-ია, ხოლო ხუთწლიან პერსპექტივაში ძვირფასი ლითონის ფასმა 82%-ით იმატა. ბოლო პერიოდში მკვეთრადაა გაძვირებული ვერცხლიც, რომელიც უნციაზე $31-ად ივაჭრება, მაგრამ ოქროსგან განსხვავებით, ვერცხლმა მაქსიმალური ფასი 2011 წლის აპრილში დააფიქსირა.

ძვირფასი ლითონების ფასის ზრდაზე “საქმიან საღამოში” საქართველოში საიუველირო ნაკეთობების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის, “ზარაფხანას” გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა. თორნიკე სამხარაძის შეფასებით, ოქროს და ვერცხლის ფასის ზრდას, უმეტესწილად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი გეოპოლიტიკური მოვლენები განაპირობებს.

“ოქრო, ისევე, როგორც ვერცხლი ინვესტორს რისკების დაზღვევის შესაძლებლობას აძლევს, რადგან ოქრო ათასწლეულების განმავლობაში გამოცდილი სანდო საინვესტიციო აქტივია. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, ოქროს ფასის ზრდაზე გავლენა ჯერ პანდემიამ იქონია, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა. ინვესტორები ოქროში მასიურად ინვესტირებენ, ხოლო მოთხოვნის ზრდა ფასზეც აისახა. ასევე არის ვერცხლის შემთხვევაშიც, რომელიც ოქროს ფასის დინამიკის თანამგზავრია”, - განაცხადა “ზარაფხანას” აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ “საქმიან საღამოში”.

“საქმიანი საღამოს” წამყვანის კითხვაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვირფასი ლითონების გაძვირებაში საცალო მომხმარებლების ჩართულობა, თორნიკე სამხარაძე ამბობს, რომ ძირითადი გავლენა დიდ სუბიექტებზე, მათ შორის ცენტრალურ ბანკებზე მოდის.

“საცალო მომხმარებლები ოქროს ფასზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენენ - ამ შემთხვევაში, ფასი დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურად გაიზრდებოდა. ასეთი ნახტომი რომ მივიღოთ, ოქროზე ყველა საცალო მომხმარებელი ერთ დღეს უნდა დაირაზმოს. ბაზარზე ოქროს შემსყიდველ ბევრ მოთამაშეს ვხვდებით, მათ შორის ცენტრალურ ბანკებს, რომლებიც წელს ოქროს რეზერვების შევსების მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდნენ”, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ “საქმიან საღამოში”.

“ზარაფხანას” აღმასრულებელი დირექტორი დასძენს, რომ ამ ეტაპზე, შესასყიდი ოქროს ფასი, ანუ ის თანხა, რომელსაც კომპანია გრამი ოქროს სანაცვლოდ იხდის, რეკორდულადაა გაზრდილი. ეს ტენდენცია, მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ფიქსირდებოდა, მაგრამ “ზარაფხანა” ფასების გაზრდისგან თავს იკავებდა, მაგრამ ორ კვირაში, პროდუქციის ფასები დაახლოებით 5%-ით მოიმატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები