მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ეცვლება თბილისს საზღვრები? ინვესტორის პასუხი: “სახელმწიფო თავის შეცდომას ასწორებს”

61a3aa2a23764
BM.GE
28.11.21 20:20
1370
მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს bm.ge–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობა ერთი ინვესტორის გამო თბილისის საზღვრებს ცვლის. საუბარია 1 მლნ კვ/მეტრის, ანუ 100 ჰექტარის მიწის ფართობზე.

ცვლილება ესტონელი ინვესტორის ოლეგ ოსინოვსკის მიერ დაფუძნებულ კომპანია - “პრიმერა გოლფ ანდ რეზიდენცს” უკავშირდება, რომლის მოთხოვნითაც ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების პროექტი მომზადდა.

კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც გარდაბნის და თბილისის მუნიციპალიტეტებს მოიცავს "თბილისი ჰილსის" გოლფ კლუბი და საცხოვრებელი სახლებია განთავსებული. მთლიანობაში ინვესტორის საკუთრებაშია 331 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, საიდანაც საზღვრის ცვლილება 100 ჰექტარს შეეხება.

აღსანიშნია, რომ საზღვრის ცვლილების საკითხი 2020 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტს რამდენჯერმე წარედგინა, 2021 წლის 10 ივნისის დოკუმენტში ეწერა:

“2014 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიამ შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3,311,127 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 78 კვ.მ.შენობა-ნაგებობა №1. ხელშეკრულებით ცალსახად იყო გათვალისწინებული, რომ მიწა მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიწის ნაწილი გადადის თვითმმართველი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცმა“ მოგვმართა თხოვნით, მოხდეს ადმინისტრაციული საზღვრების კორექტირება იმგვარად, რომ მიწა სრულად მოხვდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და წარმოადგინა ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შედეგად მიღებული ტერიტორიის რუკები. ", - ნათქვამია დოკუმენტში.

რატომ ეცვლება საზღვრები დედაქალაქს, პირველად დეტალებზე გადაცემა Forbes Talks–თან ესტონელმა ბიზნესმენმა ოლეგ ოსინოვსკიმ თავად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც უშუალოდ ამ საკითხს ეხება:

გიორგი ისაკაძე: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია “თბილისი ჰილსი”, რომელიც შენ საქართველოში გაქვს. ამიხსენი, რა ისტორიაა მიწის იმ ნაკვეთთან დაკავშირებით, ვგულისხმობ მილიონ კვადრატულ მეტს, რომელიც გარდაბანსა და თბილისს შორის არის და რომელიც არჩევნების მეორე დღესვე, გეოგრაფიული გაურკვევლობიდან გამომდინარე, პარლამენტში განსახილველი გახდა.

ოლეგ ოსინოვსკი: მე ვიყიდე ეს მიწა.

გიორგი ისაკაძე: როდის იყო ეს?

ოლეგ ოსინოვსკი: ეს იყო 2014 ან 2013 წელი. მე მგონი, უფრო 2013, ბევრი დრო გავიდა.

გიორგი ისაკაძე: სრულად იყიდე?

ოლეგ ოსინოვსკი: ხელისუფლებისგან შევიძინე 333 ჰა. ან 331 ჰა. ეს იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება, ვივაჭრე ამ მიწასთან დაკავშირებით. მე ვიყიდე მიწა გარდაბანში, კონტრაქტში მიწერია, რომ ვიყიდე მიწა სოფელ გარდაბანში. ეს წლები გადასახადებს ვიხდიდი მხოლოდ სოფელ გარდაბანში. ყველა საკადასტრო კოდი მაქვს გარდაბანში. თბილისში არასდროს ვყოფილვარ. ფაქტი იმის შესახებ, რომ ვიღაცამ ამ მიწის ნაკვეთზე წითელი ხაზი გაავლო, შენაძენიდან რამდენიმე წელიწადში გავიგე. არაფრის გარკვევა არც მჭირდებოდა, რადგან იურიდიულად ყველაფერი მქონდა მოწესრიგებული და ყველაფერი გარდაბანს უკავშირდებოდა.

გიორგი ისაკაძე: შენ გარდაბნის გადასახადის გადამხდელი იყავი?

ოლეგ ოსინოვსკი: ყოველთვის. თბილისთან არანაირი კავშირი არ მქონია.

გიორგი ისაკაძე: როდიდან გაჩნდა შენს გეოგრაფიაში თბილისი?

ოლეგ ოსინოვსკი: არასდროს, თბილისი ახლაც არაფერ შუაშია.

გიორგი ისაკაძე: უბრალოდ, ახლა დაადასტურეს? თუ რა ხდება, ამიხსენი.

ოლეგ ოსინოვსკი: უბრალოდ, ეს რაღაც წითელი ხაზი, რომელიც, თუ არ ვცდები, 2007 წელს გაატარეს, არსად გააფორმეს.

გიორგი ისაკაძე: შენს მიწაზე გაატარეს ეს წითელი ხაზი?

ოლეგ ოსინოვსკი: არა, ათი წლით ადრე იყო, ვიდრე მე მიწას ვიყიდდი. გაიყვანეს ეს რაღაც წითელი ხაზი, მერე საკადასტრო კოდები უნდა შეცვლილიყო, რომ ეს ნაწილი ეკუთვნის თბილისს, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ და მერე ყველას დაავიწყდა. ეს სინამდვილეში სახელმწიფოს პრობლემაა, სახელმწიფო თავის შეცდომას ასწორებს. ჩვენ გადასახადებს ვიხდით ისე, როგორც აქამდე ვიხდიდით. როგორც აქამდე ვიყავით რეგისტრირებული გარდაბანში, ისევ ისე ვართ.

გიორგი ისაკაძე: თქვენთვის არაფერი იცვლება.

ოლეგ ოსინოვსკი: ჩვენთვის არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ სახელმწიფო თავისსავე შეცდომას ასწორებს, რომელიც მასვე უქმნის დისკომფორტს, იმიტომ რომ ჩვენ გადასახადებს ვიხდით გარდაბანში. არადა, ამ წითელი ხაზით თითქოს ჩვენ ვართ თბილისში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები