მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ერთი ინვესტორის გამო თბილისის საზღვრებს ცვლის

617fe11faec1a
შოთა ტყეშელაშვილი
01.11.21 16:51
6868
საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები იცვლება და ის გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. საუბარია 1 მლნ კვ/მეტრის, ანუ 100 ჰექტარის მიწის ფართობზე.

ცვლილება ესტონელი ინვესტორის ოლეგ ოსინოვსკის მიერ დაფუძნებულ კომპანია - “პრიმერა გოლფ ანდ რეზიდენცს” უკავშირდება, რომლის მოთხოვნითაც ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების პროექტი მომზადდა. კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც გარდაბნის და თბილისის მუნიციპალიტეტებს მოიცავს "თბილისი ჰილსის" გოლფ კლუბი და საცხოვრებელი სახლებია განთავსებული. მთლიანობაში ინვესტორის საკუთრებაშია 331 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, საიდანაც საზღვრის ცვლილება 100 ჰექტარს შეეხება.

როდის გადაეცა ინვესტორს აღნიშნული ტერიტორია:

2014 წელს, საქართველოს მთავრობამ შპს “პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს” თბილისის სამხრეთით, 3,311,127 კვადრატული მეტრი ანუ 331 ჰექტარის მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით, 9 მილიონ ლარად გადასცა.

სახელმწიფომ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების განუსაზღვრა, კერძოდ, ინვესტორს ტერიტორიაზე სპორტულ/გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა დაევალა, რაშიც ინვესტიციის სახით მინიმუმ 6.4 მილიონი ლარი უნდა ჩაედო. შესაბამისად, მიწის ღირებულებისა და საინვესტიციო ვალდებულება 15.4 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც კვადატულ მეტრზე გადათვლით მხოლოდ 4.65 ლარს შეადგენდა.

ამჟამად, "თბილისი ჰილსი" დედაქალაქის უმსხვილეს გოლფ კლუბს და მაღალი კლასის ვილებს აერთიანებს.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, “პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის” 100%-იანი წილის მფლობელია შპს SKINEST RAIL GEORGIA, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია ესტონელი ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი.

საზღვრის ცვლილება:

აღსანიშნია, რომ საზღვრის ცვლილების საკითხი 2020 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტს რამდენჯერმე წარედგინა, 2021 წლის 10 ივნისის დოკუმენტში ეწერა:

“2014 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიამ შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3,311,127 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 78 კვ.მ.შენობა-ნაგებობა №1. ხელშეკრულებით ცალსახად იყო გათვალისწინებული, რომ მიწა მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიწის ნაწილი გადადის თვითმმართველი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცმა“ მოგვმართა თხოვნით, მოხდეს ადმინისტრაციული საზღვრების კორექტირება იმგვარად, რომ მიწა სრულად მოხვდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და წარმოადგინა ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შედეგად მიღებული ტერიტორიის რუკები. ", - ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანდართული რუკა არსებული და ახალი საზღვრის პროექტით:


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები