მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ₾195 მილიონი? - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

კაკაურიძე

საქართველოს მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის 2025 წლის ბიუჯეტს 195 მილიონ ლარს ამატებს - აღნიშნულს ითვალისწინებს 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ პროგრამისთვის საჭირო რესურსებიდან 25 მილიონი ლარი ჯანდაცვის სამინისტროს შიდა რესურსს წარმოადგენს, პროექტისთვის გამოსაყოფი დამატებითი დაფინანსება კი 170 მილიონი ლარია, რაც სამინისტროს ბიუჯეტს დაემატება.

"საყოველთაო ჯანდაცვას 195 მილიონი ლარი ემატება, საიდანაც 25 მილიონი ლარი არის თავად ჯანდაცვის სამინისტროს შიდა რესურსი, ხოლო 170 მილიონი ლარი ემატება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

პროგრამისთვის თანხის დამატება იმიტომ გახდა საჭირო, რომ 2025 წლის 11 თვეში უკვე ათვისებულია 1.23 მილიარდი ლარი, რაც ფაქტობრივად წლიური ბიუჯეტის ტოლია. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის უწყვეტად გაგრძელებისთვის დამატებითი რესურსების გამოყოფა დასჭირდა.

რაც შეეხება 2026 წლის ბიუჯეტს, საბოლოო პროექტით, საყოველთაო ჯანდაცვაზე მომდევნო წელს 1.5 მილიარდი ლარის გამოყოფა იგეგმება, რაც 2025 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით 280 მილიონი ლარით მეტია.

ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი მიმართულება იყო, რადგანაც თითქმის ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში კლინიკებზე მოთხოვნა წინასწარ განსაზღვრულს აღემატებოდა, რის გამოც მთავრობას პროგრამისთვის მილიონობით ლარის დამატება სჭირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები