მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ემუქრება პენტაგონი AI სტარტაპ Anthropic-ს?

პენტაგონი

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა, იგივე პენტაგონმა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე წამყვანი ტექნოლოგიური სტარტაპის Anthropic-ის დამფუძნებლები გააფრთხილა.

გაფრთხილება მოიცავდა, რომ თუ უწყებას Claude-ის, ანუ მათი AI-მოდელის სამხედრო ინტერესებისთვის გამოყენების უფლება არ მიეცემა, ორ მხარეს შორის დადებული $200-მილიონიანი კონტრაქტი გაწყდება, სტარტაპი კი საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ ტენდერებში მონაწილეობას და საჯარო უწყებებისთვის საკუთარი სერვისის მიყიდვას ვეღარ შეძლებს.

როგორც პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, ყველა ამერიკულმა AI კომპანიამ თუ სტარტაპმა სამინისტროს უნდა მისცეს მათ სისტემებზე ულიმიტო და შეუზღუდავი წვდომა, რათა აღნიშნული მოდელები როგორც საბრძოლო მოქმედებებისთვის, ისე დაზვერვისა და იარაღების წარმოებისთვის იქნეს გამოყენებული.

თავის მხრივ, დარიო ამოდეის სტარტაპში აცხადებენ, რომ მათი AI მოდელი თავიდანვე ჰუმანური სტანდარტების დაცვის მიზნით შეიქმნა და ვერ დაუშვებენ, ვინმემ პროგრამის ეთიკური საზღვრები დაარღვიოს და AI ასისტენტი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს. უცნობია, როგორ წარიმართება მხარეებს შორის მოლაპარაკებები და მოახერხებენ თუ არა ისინი შეთანხმებას, თუმცა ცნობილია, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგების მიზნით Anthropic-ის ხელმძღვანელობამ აღმასრულებელი საბჭოს წევრად პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრი, კრის ლიდელი უკვე დანიშნა. სავარაუდოა, რომ ამოდეი იმედებს სწორედ მასზე დაამყარებს.

აღსანიშნავია, რომ პენტაგონმა სადაზვერვო და სამხედრო საჭიროებებისთვის შექმნილ AI კომპანია Palantir-თან თანამშრომლობის ფარგლებში Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციისთვის უკვე გამოიყენა. იმის მიუხედავად, რომ დარიო ამოდეის სტარტაპი AI კომპანიებს შორის პირველ იყო, რომელიც პენტაგონმა საკუთარ სისტემაში შეუშვა და რომელსაც გასაიდუმლოებულ დოკუმენტებზე წვდომა მიანიჭა, თუმცა ბოლო პერიოდში პიტ ჰეგსეტის უწყებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობა სემ ოლტმენტის OpenAI-მ და ილონ მასკის xAI-მ დაიწყეს. ორივე კომპანია მზადაა, დააკმაყოფილოს უწყების ყველა მოთხოვნა, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებში ინტეგრირების პროცესი დააჩქაროს და სამომავლოდ უფრო დიდი ტენდერებიც მოიგოს. რაც შეეხება Anthropic-ს მისი ხელმძღვანელობა ჯერჯერობით კვლავ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ეთიკურობის დაცვას უჭერს მხარს და მიიჩნევს, რომ AI-ს ადამიანების განადგურებისთვის გამოყენება დაუშვებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები