საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – კვირის განმავლობაში ოქრო 4.5%-ით, ხოლო ვერცხლი 7%-ით გაუფასურდა.
ამჟამად უნცია ოქროს ფასი 5,095 დოლარს შეადგენს, ხოლო ვერცხლის ფასი 83 დოლარამდეა შემცირებული.
ექსპერტების შეფასებით, ბაზარზე არსებული ვოლატილობა სავაჭრო პოზიციების მკვეთრ ზრდასთან არის დაკავშირებული, რასაც, თავის მხრივ, ირანის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობა განაპირობებს.
როგორც საბაზრო სტატისტიკიდან ჩანს, ინვესტორები და ტრეიდერები, რომლებმაც ძვირფასი მეტალები კონფლიქტის დაწყებამდე იყიდეს, ახლა მოგებას ანაღდებენ და პოზიციებს ყიდიან, რადგან ის რისკი, რომელიც ოქროს აძვირებდა, უკვე რეალიზდა, რაც დამატებითი ზრდისათვის მოლოდინებს ამცირებს.
მოკლევადიანი მერყეობის მიუხედავად, უოლ-სტრიტის წამყვანი საინვესტიციო ბანკების შეფასებით, მსოფლიოში არსებული არასტაბილურობის გამო, წლის განმავლობაში ოქროს ფასი ისევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა ვოლატილობის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უჩვეულოდ გაიზრდება.



























