ოქროს ფასი კლებას ისევ განაგრძობს – დღევანდელ სავაჭრო სესიაზე უნცია მეტალის ღირებულება 4,700 დოლარამდე დაეცა, რაც თვის დასაწყისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით შემცირებული ფასია.
რაც შეეხება ვერცხლს, მისი ფასი უნციაზე 71 დოლარს შეადგენს, რაც 16%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ირანთან მიმდინარე კონფლიქტი, წესით, უნდა ზრდიდეს მოთხოვნას ოქროზე, როგორც უსაფრთხო აქტივზე, ინფლაციურმა შოკმა და ნავთობის ფასის მკვეთრმა ზრდამ ინვესტორების ფოკუსი შეცვალა.
ბაზრის მონაწილეები შიშობენ, რომ ენერგორესურსების გაძვირება აშშ-ის ფედერალურ რეზერვს აიძულებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მეტი ხნით შეინარჩუნოს. მაგალითად, აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა გუშინ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ამერიკის ეკონომიკას „ახალი ინფლაციური ტალღის“ წინაშე აყენებს. პაუელის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაში ბენზინის ფასის მკვეთრი ზრდა პირდაპირ აისახება სამომხმარებლო კალათაზე და ეს მოცემულობა მნიშვნელოვნად ართულებს ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს.
პაუელის განცხადების ფონზე, ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა კლება დაიწყეს, რადგან ინვესტორები შიშობენ, რომ ომით გამოწვეული ინფლაცია ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს და FED-ს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდისაკენ უბიძგებს.
ზოგადად, მაღალი საპროცენტო განაკვეთი და დოლარის გამყარება ზრდის ალტერნატიულ ხარჯებს ოქროს ფლობისთვის, რაც მეტალების ბაზრიდან კაპიტალის გადინებას და ტრეიდერების მიერ პოზიციების ლიკვიდაციას იწვევს.
ინდუსტრიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სანამ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა არ განიმუხტება და ნავთობის ბაზარი არ დამშვიდდება, ძვირფასი ლითონების ბაზარი მაღალი ვოლატილობის ზონაში დარჩება.




























